ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
1 თვეში შეირჩევა ავიაკომპანია, რომელიც ტურისტული ფრენების სტიმულირების პროგრამაში ჩაერთვება
31 ივლისი, 2019

საქართველოს ხელისუფლება ტრანზიტული ავიარეისების სტიმულირებას იწყებს. საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ავიარეისების მორიგი აკრძალვის შემდეგ მთავრობა ავიაკომპანიებისთვის 600 ათას ევროს გამოყოფს რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანიების გაზრდილი ხარჯების ნაწილს მთავრობა ფარავს – თითო მგზავრზე არაუმეტეს 90 ევროსი.

დადგენილებას ხელი პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მოაწერა და დოკუმენტის მიხედვით ხელშეკრულება გაფორმდება ავიაკომპანიასთან, რომელიც თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში ტრანზიტულ რეგულარულ ფრენებს შეასრულებს. დოკუმენტის თანახმად, სტიმულირების პროგრამაში ჩაერთვება ის კომპანია, რომელიც პირველი მიმართავს აეროპორტების გაერთიანებას. ჯერჯერობით გაერთიანებაში არც ერთი კომპანიის განაცხადი არაა შესული.

რა გათვლებს ეფუძნება ეს გადაწყვეტილება, ვინ განახორციელებს ამის ოპერირებას  და რა სისტემით მოხდება ფრენების სტიმულირება, აღნიშნულ საკითხებზე „კომერსანტს“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი ესაუბრა. მისი  ინფორმაციით, ხელშეწყობა განსაზღვრულია სამ მიმართულებაზე – ლონდონი, ბრიუსელი და ერევანი. რაც შეეხება იმას,თუ რა გათვლებს ემსახურება ეს გადაწყევტილება, საღირაშვილი აცხადებს, რომ ეს არის ინდუსტრიის მოთხოვნა  მას შემდეგ, რაც რუსეთის მთავრობამ ფრენების შეწყვეტის გადაწყვეტილება  მიიღო.

„კარგად მოგეხსენებათ, რომ ძალიან ბევრი ქართველი ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში, რომელსაც მიმოსვლა სჭირდება. გარდა ამისა, ტურისტულ ინდუსტრიას გვინდა დავეხმაროთ. შესაბამისად, ყველაზე ხელსაყრელი და ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება აღმოჩნდა ერევანი. გარდა ამისა, აქცენტი გავაკეთეთ ბრიუსელზე, რადგან ის ევროკავშირის პოლიტიკური დედაქალაქია. ცხადია ლონდონი, როგორც მსოფლიოს ფინანსური  ცენტრი და ერთ–ერთი დიდი მეგაპოლისი. ამაზე გაკეთდა აქცენტი. ამასთან, მომავალ წელს ქუთაისიდან ევროკავშირის 39 მიმართულებაზე ვიფრენთ, დავფარავთ ევროკავშირის 19 ქვეყანას“-აღნიშნავს საღირაშვილი.

 

რაც შეეხება იმას, როგორ მოხდება მგზავრების გარჩევა თუ ვინ არის ტურისტი, ვინ ჩვეულებრივი მგზავარი და მათი ფრენების სტიმულირება რა სქემით მოხდება, საღირაშვილი განმარტავს, რომ ეს არის მარკეტინგული სტიმულირების ერთჯერადი ღონისძიება, რომელიც მთელს მსოფლიოშია აპრობირებული.

 

„ჩამომავალ მგზავრზე კეთდება აქცენტირება. იქ გარჩევა იმაზე, თუ ვის რომელი პასპორტი უდევს ჯიბეში, მსოფლიოში არსად არ ხდება. სტატისტიკა დაახლოებით ვიცით, მათ შორის, მგზავრებში რამდენია უცხოელი და რამდენია საქართველოს მოქალაქე. სხვა შემთხვევაში ამის გარჩევას და ამის ბუღალტერიას არავინ არ აწარმოებს. ფრენის სტიმულირებაზე მგზავრს შეხება არ აქვს, ის ყიდულობს ბილეთს ხელმისაწვდომ ფასად და ასე მგზავრობს საქართველოში. ის ავიაკომპანია, რომელიც შეირჩევა, ჩაერთვება ამ ფინანსურ სქემაში“–აღნიშნავს საღირაშვილი.

კითხვაზე, ვინ განახორციელებს ოპერირებას, საღირაშვილი განმარტავს, რომ ეს საკითხი ამჟამად ღიადაა, რადგან ამ დროისთვის ჯერ მხოლოდ სამართლებრივი ბაზაა შექმნილი.  განაცხადების მიღება და უკვე შემდეგ  ოპერატორის გამოვლენა  კი დაახლოებით 1 თვეში დასრულდება. მონაწილეობის მიღება კი შეეძლებათ როგორც ქართველ, ისე უცხოელ ოპერატორებს.

კითხვაზე, ქართული ავიაკომპანიის შერჩევის შემთხვევაში, ხომ არ იქნება ეს  შესყიდვის მორგება ერთი კონკრეტული მოთამაშის მიმართ, საღირაშვილი განმარტავს, რომ ამ შემთხვევაში აქცენტი გაკეთებულია  არა გადამზიდავზე, არამედ ინდუსტრიიდან წამოსულ პრიორიტეტზე.  „დადგენილებაშიც წერია, რომ პრიორიტეტული მიმართულება რაც არის, ამაზეა აქცენტი გაკეთებული. პრიორიტეტულ მიმართულებას რომელიც დააკმაყოფილებს და ფრენას მოერგება, ყველას შეუძლია მიიღოს მონაწილეობა. ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ მიმართულებაზე“–აცხადებს საღირაშვილი.

კითხვაზე, თუ არის  პირობებში ჩადებული კონკრეტული თანხა, პაკეტი, რომლის შესყიდვის შემდეგაც, გამართლებული იქნება 90 ევროთი ფრენის სტიმულირება, საღირაშვილი აღნიშნავს, რომ იდეა ცალსახად საინტერესოა, რადგან წესით მაღალბიუჯეტიანი ტურისტების სტიმულირება უნდა ხდებოდეს. თუმცა, ამის ადმინისტრირება თუ ვინ რამდენს დახარჯავს, შეუძლებელია.

„ჩვენ პირდაპირ ტურისტთან საქმე არ გვაქვს, ჩვენ გვაქვს იმ გადამყვანთან, რომელსაც ჩვენთან ხალხი მოჰყავს. ამიტომ, ამ სქემით ვერ მოხდება, ასეთი პრაქტიკა მსოფლიოში არ არსებობს. მარკეტინგული დახმარების ასეთი სქემა მე არ მახსენდება. ეს შეიძლება სხვა პროდუქტად მოიაზრებოდეს“-აცხადებს საღირაშვილი.

რაც შეეხება იმას, თუ სტიმულირების პროგრამა ფინანსურად რამდენად მომგებიანი იქნება ქვეყნისთვის, საღირაშვილი  აღნიშნავს, რომ საშუალოდ ერთი ტურისტი დღეში 1300 ლარს ხარჯავს. შესაბამისად, აღნიშნული მარკეტინგული დახმარების მექანიზმით ტურისტების შემოყვანა ქვეყნისთვის გაცილებით მეტი ეფექტის მომტანი იქნება.

როგორც ცნობილია, რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების შეწყვეტის შესახებ ბრძანება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 21 ივნისს გამოსცა. პუტინმა რუსეთის მთავრობას ასევე დაავალა, საქართველოში დროებით მყოფი რუსეთის მოქალაქეები ქვეყანაში დაებრუნებინათ. ამასთან, დაავალა ტუროპერატორებს, აკრძალვის პერიოდში რუსეთიდან საქართველოში საგზურები არ გასცენ.

Commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.