ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„ავსტრიაში და შვეიცარიაში გვიწევს ჩასვლა, რადგან საქართველოში მოთხილამურეებისთვის არ არის სავარჯიშო ინფრასტრუქტურა“ - ბუთა ელოშვილი
17 ივნისი, 2022

რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „ბრენდი საქართველო“ მოთხილამურე ბუთა  ელოშვილმა საქართველოში  სათხილამურო კურორტებზე და მისი განვითარების პოტენციალზე ისაუბრა.

მისი თქმით, ავსტრიაში და შვეიცარიაში ისე აქვთ სათხილამურო სისტემა აწყობილი, რომ მოთხილამურეს წელიწადში 10 თვე ვარჯიში შეუძლია, ხოლო საქართველოში ვარჯიში მხოლოდ რამდენიმე თვის განმავლობაში არის შესაძლებელი, თუმცა  მისივე თქმით, საქართველოს სათხილამურო ტურიზმის განვითარების პოტენციალი გაცილებით დიდია.

„ჩვენ სავარჯიშოდ შვეიცარიაში და ავსტრიაში გვიწევს ჩასვლა, რადგან საქართველოში შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ არის, რომ მთელი წლის განმავლობაში ვივარჯიშოთ, მაგალითად ხომ არ შეიძლება რომ ფეხბურთელმა მხოლოდ 5-6 თვე ივარჯიშოს და მერე პირდაპირ მნიშვნელოვან თამაშში მიიღოს მონაწილეობა, იგივეა  ჩვენ შემთხვევაშიც.

ავსტრიაშიც და  შვეიცარიაში ვარჯიშობენ 10 თვენახევარი და თვენახევარს ისვენებენ, მერე ისევ იწყებენ მზადებას, ჩვენ ამის პერსპექტივა ნამდვილად გვაქვს, რადგან მყინვარებია, არის ადგილები სადაც შეიძლება დახურული დარბაზების გაკეთება,  ასევე სხვა  მიმართულებაა სკი-ტური, რომელიც გულისხმობს  ალპინიზმს თხილამურებით, მწვერვალზე ადიხარ თხილამურებით და მერე ეშვები.

ამისთვის მთავარია ინფრასტრუქტურის განვითარება და კადრები, რომლებიც ამ ყველაფერს  გააკეთებენ, ამ სფეროში განათლების და ინფრასტრუქტურის პრობლემა ნამდვილად გვაქვს, ბუნების პრობლემა  ჩვენთან არ არის“, -  აღნიშნა ბუთა ელოშვილმა.

ელოშვილის თქმით, განათლება საჭიროა ყველა  მიმართულებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი ადამიანებისთვის ინფორმაციის სწორად  მიწოდებაა.

„როდესაც რეგიონებში ჩავდივართ და ადამიანებთან კონტაქტი  გვიწევს, ვხედავთ, რომ ბევრს  ვერ  წარმოუდგენია, რომ ბევრ რეგიონში სათხილამურო სპორტის  განვითარება შესაძლებელია, თუნდაც მაგალითად რაჭა ავიღოთ  ან  თუშეთი,  ორივე  მხარე  ამ მიმართულებით  ძალიან პერსპექტიულია და არ  არის  აუცილებელი, რომ  გაკეთდეს  საბაგირო და  სათხილამურო  ტრასები. ამ  რეგიონების მთავარი მომხიბვლელობა არის ის, რომ  ველური და  ხელშეუხებელია და ბევრი ამერიკელი  და ევროპული  სტუმარი ინტერესდება  სწორედ  ხელშეუხებელი ბუნებით და  ზუსტად  ამისთვის  ჩამოდიან.  ევროპაში უკვე  ყველაფერი ათვისებული აქვთ და  ძალიან რთულია ისეთი ადგილის პოვნა სადაც  არავის  უსრიალია.

საქართველოში ინფრასტრუქტურის განვითარებაში არ ვგულისხმობ მარტო საბაგიროების  გაკეთებას,  თუშეთში შეიძლება  გაკეთდეს  გესთ ჰაუსების  სისტემა,  რომელიც  ერთმანეთთან იქნებიან  დაკავშირებული და  სტუმრები  შეძლებენ  რომ  ამ  გესთ ჰაუსებში დარჩნენ, შემდეგ  ავიდნენ მთაზე  გადასრიალდნენ  სხვა  ხეობაში და  იქ  ისევ  გესთ ჰაუსში  დარჩნენ. ამის  შესაძლებლობა  არის, მთავარია  ხალხს  ჰქონდეს  ინფორმაცია  ამის  შესახებ“, — აღნიშნა ბუთა ელოშვილმა.

commersant.ge

 

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.