ახალციხეში მდებარე სასტუმრო „ლომსია“ 2018 წელს გაფართოებას და საერთაშორისო ბრენდის შემოყვანას გეგმავს. დაიწყებს. შპს „ველაჯიოს“ მფლობელობაში არსებული სასტუმროს ხელმძღვანელი ამირან ქიმერიძე „კომერსანტთან“ საუბარისას აცხადებს, რომ ამ დროისთვის მიმდინარეობს მოლაპარაკებები როგორც ბრენდთან, ისე ეკონომიკის სამინისტროსთან.
მისი განცხადებით, განიხილება „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში მონაწილეობის მიღება. რაც შეეხება იმას, თუ რომელ საერთაშორისო ბრენდთან მიდის მოლაპარაკებები, ქიმერიძე ამ ეტაპზე ამას არ ასახელებს. „გვინდა, რომ ფრანჩაიზით ავიღოთ რომელიმე საერთაშორისო ბრენდი“-აცხადებს ქიმერიძე.
საინვესტიციო პროექტის ფარგლებში განიხილება მაის-ტურიზმის განვითარებაც.ქიმერიძე აცხადებს, რომ კომპანიას აღნიშნული საინვესტიციო პროექტის დაწყება გაცილებით ადრე უნდოდა, თუმცა, მისი აღსრულება გაჭიანურდა. „გაცილებით დიდი პროექტი და გეგმები გვაქვს, ვიდრე ადრე. ამიტომ აქამდე ვერ მოხერხდა სამუშოების დაწყება. ახლა ხელახალი დაპროექტების და მოლაპარაკების ეტაპზე ვართ. ვიმდოვნებთ, რომ სამუშოები 2018 წელს დაიწყება“-აცხადებს ქიმერიძე.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სასტუმროს გაფართოება და საკონფერენციო დარბაზის და სპა ცენტრის დამატება. გეგმაშია გამოიყოს მცირე დარბაზი სპა ცენტრისთვის და აშენდეს 100 კაცზე გათვლილი საკონფერენციო დარბაზი.
ქიმერიძე აცხადებს, რომ ეს ჯერჯეობით იდეაა, გასაკეთებელია პროექტი, რომლის შემდეგაც დაითვლება პროექტის ბიუჯეტიც.
ქიმერიძე მიმდინარე სეზონსაც აფასებს. მისი განცხადებით, ახალციხის ტურები ძირითადად ივლისის შუა რიცხვებიდან დაიწყო. მისივე განცხადებით, ტურისტების ნაკადი წელს წინა წლის ანალოგიური პერიოდის იდენტური იყო.
ახალციხეში სასტუმრო „ლომსია“ „ვისოლ ჯგუფმა“ 2012 წლის აგვისტოში გახსნა და სასტუმროს მშენებლობისათვის რამდენიმე მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. სასტუმროში 60-მდე ადგილობრივი დასაქმდა. 2014 წელს „ვისოლ ჯგუფში“ არაპროფილური აქტივების გაყიდვის გეგმების შესახებ საუბრობდნენ, თუმცა მფლობელებმა სასტუმრო გაყიდვა გადაიფიქრეს და ის „ვისოლ ჯგუფის“ შვილობილ სარეკლამო კომპანიას „ველაჯიო“ გადაეცა.
„ლომსიაში 63 ნომერია და 150-მდე სტუმარზეა გათვლილი.
2016 წლიდან სახელმწიფო პროგრამას აწარმოე საქართველოში ახალი კომპონენტი დაემატა, რომელიც რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას შესაძლებლობას მისცემს განავითარონ სასტუმრო ბიზნესი, შექმნან სამუშაო ადგილები, მოიზიდონ მეტი დამსვენებელი და ხელი შეუწყონ რეგიონის განვითარებას.
ახალი კომპონენტი რეგიონული მეწარმეებისათვის ხელმისაწვდომს ხდის ფინანსებსა და საკონსულტაციო მომსახურებას და ამასთანავე ხდება წარმატებული საერთაშორისო ბრენდების გამოცდილების დანერგვა ე.წ ფრენჩაიზინგის ხელშეკრულების თანადაფინანსებით.
ავტორი: სოფო ქსოვრელი
commersant.ge