ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ახალგაზრდა არქიტექტორებმა თბილისის ულამაზესი კიბის აღდგენა დაიწყეს
10 ნოემბერი, 2021

ქართველი და უცხოელი არქიტექტორების, მშენებლების, რესტავრატორების, არტისტებისა და პუბლიცისტების ჯგუფმა, რომლებსაც „პროექტი კიბე“ აერთიანებს, თბილისის ალბათ ყველაზე ლამაზი კიბის რესტავრაცია დაიწყეს. ეს არქიტექტურული ძეგლი ძმები კაკაბაძეების ქუჩაზე, #7-ში მდებარეობს. ეს უნიკალური, შიდა ეზოიანი სახლი, რომელსაზ ხის ხვეული კიბე ამშვენებს, XIX საუკუნის მიწურულს აშენდა.

ცნობისთვის, სახლში, რომელსაც ეს უნიკალური კიბე ამშვენებს, თეატრისა და კინოს გამოჩენილი ქართველი მსახიობი სერგო ზაქარიაძე ცხოვრობდა. კიბე, რომლის სიმაღლეც 13 მეტრია, 1959 წელს გადაღებული პოპულარული ფილმის „დღე პირველი, დღე უკანასკნელი“ ეპიზოდშიც მოხვდა. ამ ფილმში მთავარ გმირს სწორედ სერგო ზაქარიაძე ასახიერებს.

ამ ულამაზესი კიბისადმი დრო დაუნდობელი აღმოჩნდა. ადგილობრივი ხელისუფლება მზად იყო, მისი რესტავრაცია 90%-იანი თანადაფინანსების პირობით დაეწყო, თუმცა სახლის მაცხოვრებლებმა ვერ შეძლეს დანარჩენი 10%-ის შეგროვება.

ამის შემდეგ ქართველი და უცხოელი ახალგაზრდა არქიტექტორების ჯგუფმა გადაწყვიტა, დამოუკიდებლად გადაერჩინათ კიბე. ქართველმა, უკრაინელმა, ამერიკელმა, თურქმა, იტალიელმა და ლიეტუველმა არქიტექტორებმა პროექტი KIBE შექმნეს. მათ სოციალურ ქსელებში დაიწყეს ამ კიბეზე საზოგადოების ყურადღების ფოკუსირება.

პროექტის ხელმძღვანელი არქიტექტორი ლუკა ღუდუშაურიმანამდე აცხადებდა, რომ კიბის პროექტის რეალიზაცია დიდწილად დამოკიდებული იყო ადგილობრივი მოსახლეობის, ხელოვანების, არქიტექტორების და სხვა დაინტერესებულ პირთა ჩართულობაზე. ამ ჩართულობის უზრუნველსაყოფად კი პროექტის გუნდმა არაერთი ღონისძიება ჩაატარა. პროექტის ინიციატორებს მალევე გამოეხმაურნენ და მხარში დაუდგნენ კომპანია Easa Georgia, ბიოლის ფონდი, OPERA STUDIO, MAUDI, გოეთეს ინსტიტუტი, ფრანგული ინსტიტუტი, კომპანია „იზოლაცია“, i-Portunus და ევროკომისიის Creative Europe Programme.

პროექტი დაახლოებით 4 თვეში უნდა დასრულდეს.

თბილისელები ქალაქში შემორჩენილ XIX საუკუნის რკინისა და ხის დახვეულ კიბეებს საქართველოს დედაქალაქის „გენეტიკურ კოდს“ უწოდებენ. „ისინი ფორმითაც კი გვაგონებენ დნმ-ს. თავისი არსით ეს კიბეები თბილისურ სულს გამოხატავდნენ - ერთ ორგანიზმად აერთიანებდნენ რა XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე აგებული თბილისისთვის დამახასიათებელი შიდაეზოიანი სახლების მაცხოვრებლებს“, - ამბობს თბილისის ისტორიის მკვლევარი ეკატერინე მინასიანი.

„ეს ძალიან საინტერესო და მიმზიდველი პროექტია. მოხარული ვართ, რომ თბილისს ასეთ სილამაზეს დავუბრუნებთ“, - ამბობს პროექტის მონაწილე ახალგაზრდა იტალიელი არქიტექტორი ფრანჩესკა კროტტი.

ავტორი: ესპანური საინფორმაციო სააგენტო EFE-ს უფროსი კორესპონდენტი სამხრეთ კავკასიაში მიხეილ ვიგნანსკი - სპეციალურად „კომერსანტისთვის“.

commersan.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.