ახალგაზრდა მეღვინე ბიო ღვინის წარმოებას იწყებს – "ქვერში ღვინის დაყენების 8000 წლიანი ტრადიცია, ჭკვიანურად უნდა გამოვიყენოთ"
29 წლის მეღვინე თამარ გერლიანი პროფესიით საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია, თუმცა როგორც თავად „კომერსანტთან" საუბრისას აცხადებს, მას ღვინის დაყენების მიმართ ინტერესი ბავშვობიდან ჰქონდა და სწორედ ამიტომ აირჩია სამომავლოდ ეს საქმე. თამარ გერლიანი "კომერსანტთან" იმ მნიშვნელოვან დეტალებზე საუბრობს, რაც ღვინის ბიზნესის განვითარებისთვის აუციელებლია.
- თქვენ ამჟამინდელი საქმიანობისგან სრულიად განსხვავებული პროფესიის ბრძანდებით. რატომ აირჩიეთ მეღვინეობა?
- რაც შეეხება მეღვინეობას, ეს არის ის საქმე, რომელიც ბავშობიდან მაინტერესებდა და რაც მთავარია მიყვარდა. მუდმივად ჩართული ვიყავი ღვინის დაყენების პროცესში, მათ შორის როგორიცაა: ვენახის მოვლა, მარანი, ქვევრის რეცხვა. ამიტომ გადავწყვიტე, რომ ჩემი საყვარელი საქმე ახალ პროფესიად მექცია.
- გაიხსენეთ ის პერიოდი, როდესაც ღვინის წარმოება დაიწყეთ. ასეთ დროს ყველა დეტალი მნიშვნელოვანია, როდის და როგორ პირობებში წამოიწყეთ მეღვინეობა?
- როდესაც ღვინის წარმოება გადავწყვიტეთ მივხვდით, რომ აუცილებელი იყო ხარისხიანი ყურძნის წარმოება, რადგან სხვა შემთხვევაში ვერ მიიღებ ხარიასხიან პროდუქციას. ამიტომ 2016 წელს, ქინძმარაულის მიკროზონაში გავაშენეთ საფერავის ჯიშის ვენახი, რომელსაც ვუვლით ბიო მეთოდით, არ ვიყენებთ სისტემურ შხამქიმიკატებს, ქიმიურ სასუქებს და რაც შეიძლება ნაკლებად ვერევით პროცესში. დანარჩენს ბუნებას ვანდობთ, წელს აგრეთვე დავამატეთ, იშვიათი ჯიში, კახური მცვივანი. რაც შეეხება კომპანიის სახელს ამას ძალიან მალე გეტყვით.
- ნებისმიერი სახის ბიზნესის წამოწყება რთულია, რადგან რისკების გათვლა წინასწარ უნდა მოხდეს, ვინ დაგეხმარათ თქვენი გეგმების განხორციელებაში?
- ზოგადად ბიზნესი და განსაკუთრებით აგრო ბიზნესის წარმოება ძალიან რთული საქმეა, რადგან დამოკიდებული ხარ, როგორც ბაზარზე, ასევე ბუნებაზე, რომელიც ხშირად ანადგურებს მოსავალს, ამიტომ ყველანაირი დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვართ წევრები „საქართველოს ფერმერთა ასოციაციის", ეს ორგანიზაცია და მისი თავმჯდომარე ქალბატონი ნინო ზამბახიძე ყოველთვის გვერდში გვიდგას, აგრეთვე ძალიან გვეხმარება USAID REAP პროგრამა, დიდი მადლობა მათ ამისათვის.
- თქვენ ბიო ღვინის წარმოებას მომავალი წლიდან გეგმავთ, გვიამებთ ამის შესახებ...
- 2018 წელს დაგეგმილი გვაქვს ტრადიციული კახური მეთოდებით ნატურალური მაღალი ხარისხის ღვინის წარმოება. ღვინის დაყენება, დავარგება ბუნებრივად ქვევრებში მოხდება, ყველანაირი ზედმეტი ჩარევის გარეშე.
- საქართველო ღვინის ქვეყანაა, ღვინის დაყენების ტრადიცია კი უკვე ბიზნესად იქცა. რამდენად რთულია ტრადიციის ბიზნესად ქცევა?
- საქართველო ნამდვილად არის ღვინის ქვეყანა, ეს უკვე კვლევებითაც დასტურდება. აგრეთვე გვაქვს უნიკალური ღვინის ჭურჭელი, ქვევრი და ქვერში ღვინის უწყვეტად დაყენების 8000 წლიანი ტრადიცია, ძალიან მნიშვენელოვანია ჩვენ ეს ფაქტები ჭკვიანურად გამოვიყენოთ და მსოფლიოს შევთვაზოთ ეგზოტიკური ხარისხიანი და განსხავებული პროდუქტი. რა თქმა უნდა, ამ სფეროში ძალიან ბევრი სირთულეა, მაგრამ მონდომებით და საკუთარ თავზე უწყვეტი მუშაობით მე ვფიქრობ ყველაფერი გამოვა.
- როგორია თქვენი კომპანიის საფასო პოლიტიკა და რომელ სეგმენტზეა ის გათვლილი?
- ჩვენი ღვინო როგორც გითხარით, იქნება ნატურალური ტიპის ღვინო, მსგავსი ღვინოები მაღალი სეგმენტის კატეგორიაში გადიან და უკვე ბაზარზე თავისი ნიშა აქვთ.
- განვითარების გეგმა შემუშავებული გაქვთ და წარმატების მოლოდინში ხართ. საუბრის დასასრულს მითხარით, როგორია თქვენი სამომავლო გეგმები...
- ჩვენი უახლოესი გეგმაა სახელმწიფო გრანტი მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პოგრამის ფარგლებში მივიღოთ, რომლის დახმარებითაც აღვჭურავთ მარანს, მოვაწყობთ ჩამოსასხმელ ხაზს. აგრეთვე ვგეგმავთ, აგრო ტურიზმში ჩართვას და რა თქმა უნდა, მუშაობას იმ კუთხით, რომ მოვახდინოთ ჩვენი ღვინის ექსპორტზე გატანა.
ავტორ(ებ)ი: ლიკა გურაბანი
commersant.ge