ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ახალგაზრდა მეღვინე კახეთიდან, რომელიც ბრენდის მარი-ს ღვინო მსოფლიოსთვის გაცნობას გეგმავს
08 ოქტომბერი, 2018

ახალგაზრდა მეწარმე მარი გორაშვილი ახალი ბრენდის „მარი’ს ღვინო“ ავტორია. სტუდენტი გოგონა კახეთიდან, სოფელ ველისციხიდანაა და ბავშვობიდანვე აქტიურად იყო ჩართული ვენახის მოვლასა და ღვინის დაწურვის პროცესში.

„ვენახთან ურთიერთობა მართლაც რომ დიდ სიამოვნებას მანიჭებდა და პაპისა და მამის საქმიანობას გულდასმით ვაკვირდებოდი“ – ამბობს ახალგზარდა მეღვინე.

მარიმ ოჯახის მიერ წარმოებული ღვინის დაბრენდვა და ბაზარზე გატანა გადაწყვიტა. „ღვინის წარმოების მრავალწლიანი ტრადიციაა ჩემს ოჯახში, მაგრამ მხოლოდ, დასალევი ღვინო კეთდებოდა, ყურძნის დანარჩენ ნაწილს ყრიდნენ, რაც არ მომწონდა, გადავწყვიტე, ამ ყურძნისგან შემექმნა  ბრენდი, რომელსაც გავაცნობდი ჯერ ქართველ, შემდეგ კი – მსოფლიო საზოგადოებას,“ – ამბობს მარი გორაშვილი.

მიზნის მისაღწევად მარიმ გადაწყვიტა თეორიული ცოდნაც მიეღო და სწავლა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტზე გააგრძელა. იდეაზე მუშაობის დროს დამწყები მეწარმე ცდილობდა მაქსიმალური ცოდნა მიეღო მეწარმეობის კუთხითაც და გასულ წელს პროექტ Yes-Georgia-ს ფარგლებში შექმნილ ‘’ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის’’ სტუდენტიც გახდა, სადაც საშუალება მიეცა უკეთ დაეხვეწა საკუთარი ბიზნეს იდეა და მეწარმისთვის საჭირო უნარ-ჩვევა და გამოცდილება შეეძინა. სწორედ ამ სკოლაში სწავლისას დაებადა მარის იდეა საკუთარი ღვინის წარმოება დაეწყო.

მარი გორაშვილი წელს წარმოების გაფართოებასაც გეგმავს და ახალ იდეებზეც მუშაობს.

‘’საქართველოში ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერის პროექტის’’ (YES-Georgia) ფარგლებში ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში ახალი ნაკადის მიღება უკვე გამოცხადდა. კონკურსში მონაწილეობა სამეწარმეო საქმიანობით დაინტერესებულ 16-დან 28 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს შეეძლებათ. განაცხადების მიიღება უკვე დაწყებულია და იგი შემდეგ 7 ქალაქში მიმდინარეობს: თბილისი, თელავი, გორი, ახალციხე, ქუთაისი, ბათუმი და ზუგდიდი.

„ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერის პროექტი საქართველოში’’ (Yes-Georgia) ხორციელდება ფონდი ‘’კრისტალის’’ მიერ, სს მისო „კრისტალთან“ და PH International-თან ერთად, რომელთაც 2018 წელს შეუერთდა ‘’ჯუნიორ ეჩივმენტი’’ (Junior Achievement in Georgia). პროგრამას ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო ( USAID).

www.travelingeorgia.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.