ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ახალი ღვინის ფესტივალი წელს მთაწმინდის პარკში გაიმართება
22 თებერვალი, 2018

საქართველოს ღვინის კლუბი 12 მაისს ახალი ღვინის ფესტივალს გამართავს.

ფესტივალი წელს უკვე მეცხრედ იმართება და როგორც ორგანიზატორები ამბობენ, ახალი ღვინის ფესტივალი წლების მანძილზე ნამდვილ სახალხო დღესასწაულად ჩამოყალიბდა, რომლის მთავარი მიზანიც ქართული ღვინის პოპულარიზაცია, საქართველოში ღვინის განათლების დონის ამაღლება და სამომხმარებლო კულტურის გაზრდაა.

„2010 წლიდან დაწყებული, ყოველ წელს ფესტივალის მასშტაბი იზრდება, ახალ-ახალი საოჯახო მარნები და ღვინის კომპანიები გამოდიან ასპარეზზე და გვაცნობენ თავიანთ მოსავალს, ნაშრომს. 2017 წელს ფესტივალზე შეკრებილი იყო დიდი, საშუალო და მცირე მეღვინეობები, ასოციაციები და სახელმწიფო ორგანიზაციები - სულ 200-ზე მეტი სუბიექტი.
ახალი ღვინის ფესტივალს ღვინის მწარმოებლების გარდა მოუთმენლად ელიან ქართველი და უცხოელი ღვინის პროფესიონალები, ღვინის მწერლები, ღვინის ბარ-რესტორნები და მოყვარულები. რამდენიმე წელია, ტრადიციულად, მსოფლიოს სახელოვან ღვინის მაგისტრებს, სომელიეებს, იმპორტიორებსა და ღვინის მწერლებს ჩანიშნული აქვთ ახალი ღვინის ფესტივალის თარიღი (მაისის მეორე შაბათი) და ემზადებიან ქართულ ღვინოებთან შესახვედრად“, - განმარტავენ ღვინის კლუბში.

ახალი ღვინის ფესტივალი 2018-ის მხარდამჭერები არიან ღვინის ეროვნული სააგენტო და თბილისის მერია. საინფორმაციო მხარდაჭერას უზრუნველყოფს "მარანი" (vinoge.com), ღვინის საინფორმაციო ცენტრი, რადიო უცნობი. ღონისძიების პარტნიორია მთაწმინდის პარკი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

საქართველოს სხვადასხვა კუთხის ღვინის დიდი კომპანიები, საშუალო და მცირე მეღვინეობები, ოჯახური მარნები ფესტივალის სტუმრებს დაახვედრებენ ბოლო მოსავლის (2017 წლის) საუკეთესო ღვინოებს.

„ახალი ღვინის ფესტივალის ხიბლი სწორედ მრავალფეროვნება და ახალი გემოების აღმოჩენაა, თან უშუალოდ ღვინის მწარმოებლებთან შეხვედრისას უფრო მეტის გაგება შეგვიძლია იმ ღვინის შესახებ, რომელსაც დავაგემოვნებთ და მოგვეწონება“, - განმარტავენ ორგანიზატორები.

ახალი ღვინის ფესტივალი 2018 დაიწყება ქვევრის გახსნის ტრადიციული ცერემონიით, მრავალჟამიერის თანხლებით. ამ ქვევრში, როგორც წესი, ღვინის კლუბის მიერ შერჩეული საოჯახო მარანში დაწურული საუკეთესო ღვინო დაგხვდებათ.
ფესტივალის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება, იქნება სახალისო პროგრამა, გათამაშდება საუკეთესო ღვინით სავსე სასაჩუქრე კასრები და სხვ.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.