ჭიათურაში მდებარე ღვინის მწარმოებელი კომპანია „სოლომონე“ სასტუმროს ‘’ჭიათურელი“ მაისში გახსნის. ახალი ტურისტული სივრცე რესტორანსაც მოიცავს. როგორც კომპანიის დამფუძნებელი დავით ჩაჩანიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, ბუტიკური ტიპის სასტუმროს მშენებლობა 3 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.
‘’გვინდოდა, ჩვენსავე ტერიტორიაზე შევქმნა გემოვნებიანი სივრცე, რომელშიც ბუტიკს, თანამედროვე სტილის სასტუმროს განვათავსებდით. სამუშაოები დასრულდა და ზუსტად ისეთია, როგორიც ჩანაფიქრი იყო. გასტრონომიულ ნაწილში აქცენტი მკვეთრად გამოხატული იმერული კერძების სამზარეულოზე გავაკეთეთ. აქვეა სადემონსტრაციო ვენახი, სადაც სტუმარი შეძლებს მონაწილეობა მიიღოს ვენახის მოვლაში, რთველში, ასევე – დააგემოვნოს იმერული ჯიშებისგან დამზადებული ღვინო და სხვა. საკმაოდ დიდი შრომა ჩავდეთ, მაისში სავარაუდოდ პირველ სტუმრებს მივიღებთ. ეს იქნება 13-ნომრიანი ბუტიკური ტიპის სასტუმრო თავისი რესტორნით, რომელიც შშმ პირების საჭიროებებზე მაქსიმალურად არის მორგებული. შენობას ექნება ლიფტი, ასევე ყველა საჭირო ინვენტარი, რაც მსგავსი კონცეფციის სასტუმროს სჭირდება“, - აცხადებს დავით ჩაჩანიძე.
მისი ინფორმაციით, ,,ჭიათურელი“ შეიქმნა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ჭიათურას საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან და უცხოეთიდან სტუმრობენ.
‘’ჩვენი სამიზნე ნებისმიერი ადამიანი, ძირითადად ტურისტები, რომლებიც ჭიათურაში საბაგირო გზების სანახავად და სხვა ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად ჩამოდიან. საზღვარგარეთიდან კი ყველაზე მეტ მოთხოვნა ველოდებით ავსტრიიდან და გერმანიიდან, საიდანაც ბოლო წლების განმავლობაში ჭიათურის მიმართ ინტერესი შეიმჩნევა. ორივე კომპლექსი - სასტუმრო და რესტორანი ერთდროულად გაიხსენება. რესტორანი გამოირჩევა იმით, რომ აქვს როგორც შიდა, ასევე გარე სივრცეს, სადაც 120-მდე ერთდროულად 120 ადამიანის მიღებაა შესაძლებელი“, - განმარტავს დავით ჩაჩანიძე.
მისივე ინფორმაციით, ახალი ტურისტული სივრცის საინვესტიციო ღირებულება ₾ 1.5 მლნ-ს შეადგენს. კომპანიაში 20-მდე ადამიანი დასაქმდება.
რაც შეეხება მარანს ‘’სოლომონე“, ჭიათურაში, ლეჟუბანში მდებარეობს. ვენახები გაშენებულია 3 ჰექტარ ტერიტორიაზეა გაშენებული.
bp.ge