2024 წლის პირველ ნახევარში ვფიქრობთ, რომ აბასთუმანში სრულად მოვრჩებით საქმიანობას, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით ტაბიძემ განუცხადა და იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც კურორტზე ამჟამად მიმდინარეობს, ან დაგეგმილია მათი განხორციელება.
„აბასთუმნის ნაწილში პროექტი, რომელიც ჯერჯერობით, მუნიციპალური განვითარების ფონდს კონტრაქტზე არ აქვს, არის პარკი „როშას“ რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია. ეს გახლვათ ერთადერთი ცენტრალური პარკი აბასთუმნის ტერიტორიაზე, ძალიან საინტერესო პროექტი გამოვა.
გარდა ამისა, იცით, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდმა აბასთუმნის ობსერვატორიის შენობის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია განახორციელა, ამჯერად უკვე მივადექით ახალი ტელესკოპის მონტაჟს, ასევე ციფრული მუზეუმის პროექტს ამ რეაბილიტირებულ შენობაში“, - აღნიშნა მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა.
დავით ტაბიძის თქმით, აბასთუმანში მიმდინარეობს „მწვანე და ლურჯი კორიდორების“ პროგრამაც, რაც გულისხმობს კურორტის ცენტრის სრულად რეაბილიტაციას და ეს პროგრამაც აქტიურ ფაზაშია.
„ჩვენი მოსაზრებით, 2024 წლის პირველ ნახევარში დავასრულებთ ამ „მწვანე და ლურჯი კორიდორების“ პროგრამასაც, ისევე როგორც დიდი პარკინგის მოწყობას აბასთუმნის შესასვლელში“, - განმარტა ტაბიძემ.
მისივე თქმით, ის იდეა, რომ აბასთუმანი გახდეს მწვანე და ყველაზე მნიშვნელოვანი კურორტი ქვეყანაში, ამ ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულების შემდეგ, რეალობად იქცევა.
მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის ინფორმაციით, მიმდინარე პროექტების მიხედვით, ამჟამად, ფონდს 70 მილიონი ლარის კონტრაქტები აქვს, თუმცა, წინა წლებში სახელმწიფოს აბასთუმანში სხვადასხვა პროექტის განხორციელებაში უკვე დახარჯული აქვს 20-30 მილიონი ლარი.
business-partner.ge