სვანეთში ზაფხულის ტურისტული სეზონის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა კალა–უშგულის გზის მონაკვეთია
სვანეთში ზაფხულის ტურისტული სეზონის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა კალა–უშგულის გზის მონაკვეთია, რომლის მშენებლობაც რამდენიმე წლის წინ დაიწყო და ცოტა ხნის წინ დასრულდა.
რა სიახლეებია მიმდინარე წლის საზაფხულო სეზონზე რეგიონში და რას სთავაზობს ჩასულ ტურისტებს როგორც რეგიონის ხელმძღვანელობა, ისე კერძო სექტორი ?
მესტიის გამგებელის პირველი მოადგილე ნელი ნავერიანი„კომერსანტთან“ აცხადებს, რომ მიმდინარე ზაფხულის საკურორტო სეზონს სვანეთი, მათ შორის მესტია, საკმაოდ მომზადებული ხვდება. იმისთვის, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ და, რა თქმა უნდა, ტურისტებმა თავი კომფორტულად იგრძნონ, გაკეთდა კალა–უშგულის გზის მონაკვეთი, რომელიც სახელმწიფო გზას წარმოადგენს.
გარდა ამისა, ჭუბერის მიმართულებით ტურისტული მარშრუტების, საფეხმავლო ბილიკების მარკირება ხდება. როგორც ნავერიანი აცხადებს, იდეა და ტერიტორია, ბუნებრივია, მიწოდებულია მესტიის მუნიციპალიტეტიდან, სამუშაოებს კი ტურიზმის ეროვნული სააგენტო ახორციელებს, რომელიც უახლოეს პერიოდში დასრულდება. ამით სვანეთს კიდევ ახალი ტურისტული მარშრუტები შეემატება.
მესტიის მერის პირველი მოადგილე ტურისტების სტატისტიკაზეც საუბრობს და განმარტავს, რომ 2011 წლის ჯამურ მაჩვენებელს გადააჭარბა 2019 წლის მხოლოდ 4 თვის მონაცემმა. წელს ტურისტების უდიდესი ნაწილი უცხოელია. 2017 წელს სვანეთს 23 700 ტურისტი სტუმრობდა, 2018 წელს მათი რიცხვი 25 000–ამდე გაიზარდა ( ეს არის ტურიზმის ცენტრის აღრიცხვით, არ შედის თვითდინებით შემოსული ტურისტები).
როგორც ნავერიანი აცხადებს, წელს სვანეთში ტურისტებს ჯამში, მინიმუმ 170 საოჯახო სასტუმრო უმასპინძლებს. მისი განმარტებით, რეგიონში ადგილობრივების მხრიდან საკმაოდ დიდი მოთხოვნაა კერძო ბიზნესში ჩართვის მიმართულებით, რასაც მუნიციპალიტეტში შემოსული და მოთხოვნილი სამშენებლო ნებართვების რაოდენობაც ადასტურებს.
მისი განმარტებით, მეტნაკლებად დარეგულირებულია რეგიონში ნარჩენების გატანის საკითხიც. არის კაფე–ბარები, რესტორნები. საკმაოდ აქტიურად მუშაობს მესტიის აეროპორტიც.
რა მოლოდინები არსებობს ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით კერძო სექტორში?
საოჯახო სასტუმრო „ქორულდიში“ განმარტავენ, რომ სვანეთში საკურორტო სეზონი მაისიდან აქტიურად მიმდინარეობს. ტურისტები მათ ამ დროისთვისაც უკვე ჰყავთ, თუმცა, მცირე რაოდენობით. მათი განცხადებით, მას შემდეგ რც სეზონი პიკს მიაღწევს, ვიზიტორების რიცხვიც მაქსიმუმს მიაღწევს, რადგან სვანეთით დაინტერესება ყოველწლიურდ უფრო და უფრო იზრდება.
„ზოგადად, ტურისტს მშვიდი და სტაბილური ქვეყანა იზიდავს. საქართველოში ეს გარემო არსებობს. აქტიურად მუშაობს ადგილობრივი ხელისუფლება იმისთვის, რომ ადგილზე ჩამოსულ ტურისტს ისეთი გარემო დახვდეს, რომ უკან დაბრუნება მოუნდეს. მოწესრიგებულია გზები, ინფრასტრუქტურა. ზაფხულის სეზონს მომზადებულები ვხვდებით,“– აცხადებენ სასტუმრო „ქორულდიში“.
რაც შეეხება ფასებს, სასტუმროში განმარტავენ, რომ წელს 2-ადგილიანი სტანდარტული ნომრის ფასი 60 ლარს შეადგენს.
საოჯახო სასტუმრო „მარიანას“ დამფუძნებელი მარიანა ფალიანი განმარტავს, რომ ზაფხულის სეზონი გახსნილია და სასტუმროს დამსვენებელი 30 აპრილიდან უკვე ჰყავს.ჯავშნები კი სექტემბრის ჩათვლითაა გაკეთებული. ფალიანის ინფორმაციით, ინტერესი ძირითადად ევროპის ქვეყნებიდან მოდის, მათ შორის, ჩეხეთიდან და პოლონეთიდან.
„ის ტურისტები, რომლებიც ჩემთან ისვენებენ, ძალიან კმაყოფილები არიან ჩვენი ბუნებით, სტუმართმოყვარეობით, მომსახურებით,“– აღნიშნავს ფალიანი.
კითხვაზე, რა არის განსახვავებული წელს სვანეთში, რითიც მოხდება ტურისტების უფრო მეტად დაინტერესება, ფალიანი განმარტავს, რომ რეგიონს ძირითადად რესტორნები დაემატა.
Commersant.ge