ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ახალი წლის ღამეს გუდაურის ბრენდული სასტუმროების სტუმრების 95%-ი უცხოელია
29 დეკემბერი, 2017

საქართველოში მოქმედი პრემიუმ კლასის სასტუმროები მომხმარებელს საახალწლო პაკეტებს უკვე სთავაზობენ. საახალწლო ღამის გატარება, ტრადიციულად, ჩვეულებრივი დღეებისგან განსხვავდება. ფასები და მომსახურება მრავალფეროვანია და შესაბამისად, საფასო პოლიტიკაც წელიწადის სხვა დროებთან შედარებით გაზრდილი. წელს გუდაურის სასტუმროებში ფასები 250-ლარიდან 1 771 ლარამდე მერყეობს.

ახალ წელს გამორჩეულად ხვდება გუდაურის სასტუმროებიც და საახალწლოდ სტუმრებს მრავალფეროვან პროგრამას სთავაზობენ. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას გუდაურში მდებარე მაღალი კლასის სასტუმროს წარმომადგენლები აცხადებენ, ამ ეტაპზე გუდაურში სასტუმროები სრულად 100%-ი დაჯავშნილია. მათივე თქმით, ძირითადი 95%-ს კი უცხოელი სტუმრები წარმოადგენენ.

სასტუმრო „მარკო პოლოს“ გაყიდვების დირექტორი ირაკლი მამფორია „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ამ ეტაპზე სასტუმრო სრულად 100%-ით დაჯავშნილია. ხოლო ძირითად სეგმენტს კი პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან სტუმრები წარმოადგენენ. როგორც გაყიდვების დირექტორი აცხადებს, წელს „მარკო პოლოში“ ახალი წლის ღამეს სტუმრების 95%-ი უცხოელები იქნებიან.

„31 დეკემბერს ჯგუფი „გუფი ლენდი“ ღამის 12 საათიდან 1 იანვრის 3-4 საათამდე იმღერებს და შემდგომ უკვე დიჯეი დაუკრავს. ასევე ჩვენთნ ჩამოსულ სტუმრებს სხვადასხვა გასართობ პროგრამებს ვთავაზობთ. ამ ეტაპზე სასტუმრო 100%-ით დაჯავშნილია. სპეციალურად ახალი წლისთვის განახლებული მენიუ გვექნება, სადაც როგორც ქართული, ისე ევროპული სამზარეულო იქნება წარმოდგენილი.

ახალი წლის ღამეს მარკო პოლოში სასტუმროს ორადგილიანი ნომერი 650 ლარი ღირს და მასში მხოლოდ ერთჯერადი კვება შედის. აღნიშნული ფასი 9 იანვრამდე იქნება. ყველაზე მეტ სტუმარს პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებიდან ველოდებით. სასტუმროში წელს 100%-დან 5% ქართველები იქნებიან, ხოლო დაახლოებით 90-95% უცხოელები“, - განაცხადა მამფორიამ.

ამ  ეტაპზე 100%-ითაა დაჯავშნილი GOOD INN Hotel-ის ნომრები. როგორც სასტუმროს  დამფუძნებელი გიორგი ბოკუჩავა აცხადებს, მისი ძირითადი სტუმრების პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან არიან. ბოკუჩავას თქმით, სასტუმრო სტუმრებს თავის პროგრამას შესთავაზებს.

„ახალი წლის დადგომას გრანდიოზული ფეიერვერკით შევხვდებით. ამის შემდგომ ქართულ ცოცხალ მუსიკას  სტუმრებს ქართველი შემსრულებლები შესთავაზებენ.  ჩვენთან წარმოდგენილი იქნება ტრადიციული საახალწლო სუფრა. სასტუმროში 25 დეკემბრიდან 7 იანვრამდე გაგრძელდება და სხვა პერიოდთან შედარებით მაღალი საფასო პოლიტიკა გვექნება. ამ პერიოდში ორადგილიანი ნომერი ორჯერადი კვებით 380 ლარი ღირს, ხოლო ერთადგილიანი ნომერი 253 ლარი. ხოლო თებერვლიდან ფასები კვლავ შემცირდება.

ჩვენი ძირითადი სტუმრები ძირითადად პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებიდან არიან“, - აღნიშნა გიორგი ბოკუჩავამ.

გუდაურში მდებარე კიდევ ერთი სასტუმროს, „გუდაურას“ დირექტორი ირაკლი კუტალიააღნიშნავს, რომ სასტუმრო ძირითად აქცენტს ქართულ პროგრამაზე გააკეთებს.

„31 იანვარს სტუმრების წინაშე ჯგუფი „ალილო“ ქალაქური და ხალხური სიმღერებით წარსდგება. ასევე სტუმრებისთვის ანსამბლი „რუსთავი“ იცეკვებს. ჩვენ სასტუმროში ორადგილიანი ნომრის ფასი 31 დეკემბრის ჩათვლით 450 ლარი იქნება. ჩვენთან უცხოელი სტუმრების 100%-ია წარმოდგენილი და ძირითადად პოსტსაბჭოთა ქვეყნები დომინირებენ“, - განუცხადა „კომერსანტს“ კუტალიამ.

როგორც სასტუმრო „რუმს ყაზბეგის“ მენეჯერმა ტატა ჭუმბურიძემ განაცხადა, „ჩვენ მომღერალ თეონა კონტრიძეს ვუმასინძლებთ და სტუმრებს ის სასიამოვნო საღამოს აჩუქებს. ხოლ მომდევნო დღეს სტუმრებს ტერასაზე ელექტრონულ მუსიკას ცოცხალ ინსტრუმენტებთან კოლაბორაციაში შევთავაზებთ. ახალი წლის ღამეს ვვარაუდობ, რომ ქართველი და უცხოელი სტუმრების რაოდენობა 50-50%-ზე იქნება.

რაც შეეხება ნომრების საფასო პოლიტიკას. ორადგილიანი ნომრის ფასი 31 დეკემბერს 885 ლარიდან 1 771 ლარამდე მერყეობს“, - აღნიშნა მენეჯერმა.

ავტორი: ლიკა გურაბანიძე

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.