Axis Towers-ი“ - პროექტი, რომელმაც 200-მდე ქართულ კომპანიას უნიკალური გამოცდილება შესძინა
საქართველო საბჭოთა კავშირის დროიდან გამოირჩეოდა საინჟინრო-არქიტექტურული სკოლითა და ძლიერი საინჟინრო პოტენციალით. ქართველ ინჟინრებს ჩაკეტილი საზღვრების პირობებშიც კი იწვევდნენ საზღვარგარეთ: ეგვიპტეში, ირანში თუ არაბულ ქვეყნებში, რადგან მათ ზურგს სერიოზული გამოცდილება უმაგრებდათ. ჩვენი არქიტექტორების ნამუშევრები მსოფლიო არქიტექტურის კატალოგებშია შეტანილი. სამწუხაროდ, 90-იან წლებში, სხვა სფეროების მსგავსად, ამ დარგშიც პრაქტიკულად, არაფერი ხდებოდა. ყოველგვარი დაგეგმარების გარეშე შენდებოდა უსახური შენობები და ქვეყნის განაშენიანება ქაოსურად მიმდინარეობდა. თუმცა, გარკვეული დროის შემდეგ ბაზარზე გამოჩნდნენ კომპანიები, რომელთაც სურვილი ჰქონდათ, დაებრუნებინათ სახელი და ქვეყანაში სამშენებლო სფერო განევითარებინათ.
ტერმინი - „დეველოპმენტი“ - საქართველოში პირველად „Axis“-მა შემოიტანა და წამყვანი სამშენებლო კომპანია გახდა. მათ აირჩიეს გზა, რომელიც, ბიზნესის კეთების პარალელურად, ქალაქის იერსახეზე ზრუნვას გულისხმობდა. „Axis-ში“ სურდათ, შეექმნათ რაღაც განსაკუთრებული, მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც შემდგომი განვითარების ბიძგი აღმოჩნდებოდა. ასე მივიდნენ 2005 წელს „Axis Towers-ამდე“ - ძალიან მასშტაბურ და ამბიციურ პროექტამდე, განსაკუთრებით კი, იმ დროისთვის, როდესაც საქართველოში მსგავსი გამოცდილება მინიმალური დოზითაც კი არ არსებობდა.
პროექტის ყველა სამუშაო, პირველი ჩანახატებიდან დაწყებული, შესრულების ბოლო დეტალებამდე, მთლიანად ქართველმა სპეციალისტებმა განახორციელეს. რა თქმა უნდა, საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, რამაც ქართული კომპანიების განვითარებას შეუწყო ხელი. საბოლოოდ, პროექტის განხორციელების პროცესში 200-მდე ქართული კომპანია ჩაერთო.
სამუშაო პროცესში, რასაკვირველია, ძალიან ბევრ გამოწვევას წააწყდნენ. ეს საქართველოში პირველი ცათამბჯენი იყო, თანაც თბილისში - სეისმურ და საკმაოდ ქარიან ზონაში. დამატებითი გამოწვევა გახლდათ ის, რომ შენობის ყოველი შემდგომი სართული, წინა სართულთან შედარებით, 2 გრადუსით ბრუნავს. ეს კონსტრუქციულად საკმაოდ დიდ სირთულესთან არის დაკავშირებული. ამასთან ერთად, „Axis Towers-ი“ მრავალფუნქციური შენობაა. აქ ყველაფერია: სავაჭრო ნაწილი, სასტუმრო, საცხოვრებელი, ოფისები, აუზი, ფიტნესი და ა.შ. ფაქტობრივად, ეს არის ქალაქი ქალაქში.
პროექტის შემუშავების შემდეგ ექსპერტიზის ეტაპი დადგა. მასშტაბიდან გამომდინარე, „Axis Towers-მა“ ექსპერტიზა საზღვარგარეთ, რამდენიმე ქვეყანაში გაიარა. შენობის მაკეტის აეროდინამიურ მილში მოთავსებამ და ასეულობით სენსორზე შემოწმებამ აჩვენა, რომ შენობა ძალიან კარგად იყო გათვლილი და ზუსტად იყო განსაზღვრული სეისმომედეგობა. პროექტი, ასევე, შემოწმდა ქარის დატვირთვაზე. სიღრმისეულად განიხილეს მისი კონსტრუქციული ნაწილიც.
„უნიკალური გამოცდილება, რომელიც საქართველოში დარჩა“
როდესაც ქართული კომპანიების გზით წასვლა გადაწყდა, ამით „Axis Towers-მა“ ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა. პროექტის მასშტაბების გამო, კონტრაქტორ კომპანიებს საკუთარი ცოდნის გაღრმავება, სიახლეების შესწავლა და მრავალმხრივ განვითარება მოუწიათ. „Axis Towers-ის“ გუნდისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ის ცოდნა, რომელიც ამ პროექტზე მუშაობისას ქვეყნის გარედან შემოდიოდა, სწორედ ქართულ კომპანიებში ყოფილიყო კონსოლიდირებული; სწორედ ადგილობრივ სპეციალისტებს აეთვისებინათ ტექნოლოგიური სიახლეები და ეს გამოცდილება საქართველოში დარჩენილიყო.
პროექტში ჩართულ, თითქმის, ყველა კომპანიის ვებგვერდზე, საიმიჯოდ, „Axis Towers-ის“ პროექტს შეხვდებით. მეტიც, პროექტში მონაწილეობა პრესტიჟული და საამაყო აღმოჩნდა იმ გამოცდილი, უცხოური კომპანიებისთვისაც, რომლებმაც გარკვეული წვლილი შეიტანეს „Axis Towers-ის“ აშენებაში. მაგალითად, მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიის, „რეინარსისთვის“, რომლისგანაც „Axis Towers-ის“ გუნდმა ალუმინის ვიტრაჟული სისტემები შეიძინა.
როგორც აღვნიშნეთ, ამ პროექტმა საქართველოში სამშენებლო სფეროს განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი. „Axis Towers-ის“ მშენებლობის დაწყებას თან მიჰყვა არაერთი საინტერესო პროექტი, რომლის ავტორებიც ცდილობდნენ, მოქცეულიყვნენ იმ მაღალ სტანდარტებში, რომელიც „Axis Towers-მა“ თავისთავად დააწესა. დაიწყო ერთგვარი ჯანსაღი შეჯიბრი, რაც, თავის მხრივ, ძალიან საინტერესო და რაც მთავარია, ქვეყნისთვის სასარგებლოა. უკვე არამარტო თბილისში, არამედ სხვა ქალაქებშიც გაჩნდა ახალი შენობები, რომლებიც, გასულ წლებთან შედარებით, გაცილებით მაღალ სტანდარტებს აკმაყოფილებს.
რაც შეეხება ისევ „Axis Towers-სს“, მისი ასეთი წარმატებული დასრულება იმის დასტურია, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა ამ სფეროში, ცოდნისა და გამოცდილების თვალსაზრისით, ბევრად წინ არის და ბევრად დიდი სიმაღლეების მიღწევა შეუძლია.
commersant.ge