ახმეტაში მრავალმილიონიანი პროექტის განხორციელებაზე ინვესტორებთან კომუნიკაცია ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან გაუგებრობის აღმოფხვრის შემდეგ განახლდება. ამის შესახებ პროექტის განმახორციელებელი სამშენებლო კომპანიის White Group-ის დირექტორი გიორგი გონჯილაშვილი „კომერსანტთან" საუბრისას აცხადებს.
საუბარია ახმეტის რაიონის სოფელ ხორბალოს მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმრო კომპლექს „ბახტრიონი რიზორთის" მშენებლობაზე. არსებული ინფორმაციით, პროექტის განხორციელება ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მხრიდან შექმნილი პრობლემების გამო 2015 წლის ოქტომბრიდან შეჩერებულია. შექმნილი გაუგებრობების გამო ბოლო პერიოდში პროექტზე უკვე ინვესტორების სამმა ჯგუფმა თქვა უარი. მათ შორის ერთ-ერთი ფრანგული „აკორი ჯგუფია".
გონჯილაშვილი განმარტავს, რომ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მხრიდან მიიღეს დაპირება, რომ სექტემბერში „ბახტრიონი რიზორთის მშენებლობასთან დაკავშირებული ყველა პრობლემა მოგვარდება. მისი ინფორმაციით, მხოლოდ ამის შემდეგ შეეცდება კომპანია White Group-ი ინვესტორებისთის აღნიშნული კომპლექსის შეთავაზებას.
„მივხვდით, რომ მანამდე აზრი არ აქვს. ასე ჯობს. ჯერ გადაიჭრას ყევლა პრობლემა, აქ, ადგილობრივად დავლაგეთ და შემდეგ განვაახლებთ მოლაპარაკებებს“-აცხადებს გონჯილაშვილი.
როგორც ცნობილია, White Group-ის ხელმძღვანელი 2015 წლის ოქტომბერში „კომერსანტთან“ საუბარში აცხადებდა, რომ ადგილობრივ ხელისუფლებასთან მიწასთან დაკავშირებული პრობლემებია მოსაგვარებელი.

აღნიშნულ ტერიტორიაზე, კომპანია White Group სასტუმროს შენობების აშენებასთან ერთად, დიდი და პატარა საცურაო აუზების მშენებლობას, ვენახის, ხეხილის ბაღებისა და თხილის პლანტაციების გაშენებას, ასევე მარნის, სადეგუსტაციო დარბაზისა და ღვინის მინი ქარხნის მშენებლობას, საჯინიბისა და სხვა ინფრაქტრუქტურის მოწყობას გეგმავს.
რაც შეეხება ინვესტიციას, თავდაპირველად ნათქვამი იყო, რომ ახმეტაში „ბახტრიონი რიზორთის განვითარებაზე 5 მილიონი დოლარის ინვესტიცია უნდა განხორციელებულიყო, თუმცა, შემდეგ ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნით,ინვესტიციის ოდენობა გაორმაგდა.
სამშენებლო კომპანია White Group ახმეტაში სასტუმრო კომპლექს „ბახტრიონი რიზორთის მშენებლობას, პრივატიზაციის მოთხოვნაზე ადგილობრივი მუნიციპალიტეტის უარის გამო 2015 წლიდან ვერ ახერხებს. აღნიშნულთან დაკავშირებით საქმის კურსში იყო ეკონომიკის სამინისტროც.

ავტორი: სოფო ქსოვრელი
commersant.ge