ახმეტაში შუა საუკუნეების ლომისას ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფ. კუწახტაში მდებარე გვიანი შუა საუკუნეების ლომისას ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
ეკლესია ნაგებია ქვიშაქვის სხვადასხვა ზომის ქვებით დუღაბზე. დარბაზული ნაგებობაა (4×3,5 მ). გარედან ეტყობა შელესილობის კვალი. შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. კარი არქიტრავული და ნაოთხალიანია. უაფსიდოა, საკურთხეველი გამოყოფილია მხრებით.
ეკლესია აღმოსავლეთის კედელში გაჭრილი ერთადერთი სწორკუთხა სარკმლითაა განათებული. სარკმლის ძირში ტრაპეზი დგას.
საკურთხევლის ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებში თითო სწორკუთხა ნიშია. ეკლესია დასრულებულია შეისრული სხმული კამარით. ეკლესია შიგნიდან შელესილი ყოფილა. იატაკზე დაგებულია ბრტყელი აგური. ეკლესია გადახურულია ადგილობრივი მოსახლეობის მიერ თუნუქით.
www.travelingeorgia.ge