„ბადაგონის“ პარტნიორი ჩინური კომპანია “ბადაგონის” ბრენდის განვითარებაში 30 მილიონამდე დოლარის ინვესტიციას ჩადებს.
„ბადაგონმა“ და ჩინურმა კომპანიამ ხელშეკრულება უკვე გააფორმეს. პროექტის ფარგლებში ჩინეთის სხვადასხვა ქალაქში ბადაგონის ქართული კულტურის ცენტრების, ბადაგონის პრემიუმ კლასის შოუ რუმებისა და ბრენდის წარმომადგენლობითი ცენტრები გაიხსნება.
პროექტის რეალიზება დაწყებულია – უკვე გახსნილია 5 ქართული კულტურის ცენტრი სახელწოდებით „ბადაგონი“ ქალაქებში ლექინგ, ტაიძოუ, თიენძინი, დატონგი და სხვა. როგორც “ბადაგონში” ამბობენ, მსგავსი პროექტი არცერთ ქართულ კომპანიას არ განუხორციელებია.
„ჩვენ მზად ვართ ჩავდოთ ინვესტიცია ისეთ ხარისხიან ბრენდში, როგორიც „ბადაგონია“ და გავაცნოთ ჩინელ ხალხს ქართული კულტურა და საუკეთესო ქართული ღვინო“ – განაცხადა ჩინური კომპანიის წარმომადგენელმა ლუ ჟუნგმინგმა.
მისივე თქმით, „ბადაგონი“ ღვინოს ქმნის საკუთარ ვენახებში მოყვანილი ვაზის მხოლოდ ქართული ჯიშებისაგან, აქვს ყველაზე მოწინავე ტექნოლოგიებით აღჭურვილი მეღვინეობა მთელს აღმოსავლეთ ევროპაში და ჰყავს მსოფლიო დონის ენოლოგი, რაც ერთობლიობაში „ბადაგონის“ ღვინოების მაღალი ხარისხის გარანტია.
www.travelingeorgia.ge