ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტურისტული რესურსები
25 ივლისი, 2016

იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge (გაიგე მთავარი იმერეთში) თსუ-ს ასისტენტ პროფესორ გიორგი დვალაშვილთან ერთად, იმერეთის რეგიონში არსებულ იმ საინტერესო ადგილებს გაგაცნობთ, რომლებიც რეგიონში განხორციელებული ექსპედიციების შედეგად აღმოჩნდა. ამჯერად ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტურისტულ პოტენციალზე გიამბობთ.
საქართველოს ტურისტულ-საკურორტო მეურნეობის აღდგენა დღეს უკვე სასიცოცხლოდ აუცილებელია ქვეყნის ეკონომიკის, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური იმიჯის განმტკიცებისათვის. ისტორიულ, არქიტექტურულ, არქეოლოგიურ ძეგლებთან ერთად, ტურისტულ მარშრუტებში გათვალისწინებული უნდა იყოს ბუნების საოცრებათა მაქსიმალური რაოდენობა, რაც ბევრად მიმზიდველს გახდის ქვეყანაში მოგზაურობას როგორც უცხოელებისათვის, ასევე ჩვენი მოსახლეობისათვის.

საქართველოს გეომორფოლოგიური ობიექტები, მიუხედავად ჩვენი ბუნების მკვლევართა მრავალწლიანი მოღვაწეობისა, ჯერ კიდევ ბევრ ასეთ გამოუკვლევ ობიექტს მალავს; მათი მოძიება, სათანადოდ გამოკვლევა, კეთილმოწყობა და ტურისტულ მარშრუტებში ჩართვა კიდევ უფრო გაზრდის ქვეყნის ტურისტული მეურნეობის პოტენციალს და მიმზიდველს გახდის ადგილობრივი და უცხოელი ვიზიტორებისათვის.

ბაღდათის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთ საინტერესო კუთხეს წარმოადგენს იმერეთში, გეოგრაფიული მდებარეობით, ტურიზმის განვითარების კუთხით, ფლორა-ფაუნის სიუხვით; ეს მოკლე ჩამონათვალი სრულად ვერ ასახავს იმ სიმდიდრეს, რასაც ზემოთ ხსენებული მუნიციპალიტეტი ფლობს და რისი პოტენციალიც გააჩნია რეალურად. მუნიციპალიტეტის ტერიტორია უმეტესად მთაგორიანია, იგი მდებარეობს მესხეთის ქედის კალთებზე, მთისწინეთსა და იმერეთის დაბლობზე. ტერიტორია — 815 კვ.კმ., ბაღდათის ტერიტორიის 67,5% ტყით არის დაფარული; გავრცელებული ჯიშებია მუხა, კაკალი, კოპიტი, წაბლი, ნაძვი, ფიჭვი, თხმელა. მუნიციპალიტეტის მთავარი მდინარეახანისწყალი, რომელიც სათავეს იღებს მესხეთის ქედზე და ერთვის რიონს, აგრეთვე მისი შენაკადები (საკრაულა, ლაიშურა და სხვები).

ბაღდათს თითქმის ცენტრალური ადგილი უჭირავს დასავლეთ საქართველოში და მის ტერიტორიაზე შედის ისეთი მნიშვნელოვანი ოროგრაფიული ერთეული, რომელიცაა მესხეთის (აჭარა-იმერეთის) ქედი. სწორედ მესხეთს ქედი განაპირობებს მუნიციპალიტეტის რელიეფის თავისებურ-განსაკუთრებულ ფორმებს. ბაღდათისთვის დამახასიათებელია სიმაღლის უეცარი ვარდნა; თუ მისი უმაღლესი მწვერვალის ნაღებას სიმაღლე 2607.6 მ-ია მუნიციპალიტეტის სამხრეთ (თითქმის უკიდურესი) ნაწილისთვის, ხოლო შუა ნაწილისთვის სიმაღლე 1700 მეტრამდე ფიქსირდება- შემოდის იმერეთს დაბლობის ნაწილიც. ე.ი მარტივად რომ ვთქვათ ბაღდათის რელიეფი სამხრეთიდან ჩრდილოეთის მიმართულებით იკლებს სიმაღლეში. ასევე, საინტერესოა მისი მეზობელი მუნიციპალიტეტები, მას ესაზღვრება: დასავლეთით ვანის მუნიციპალიტეტი, ჩრდილო- დასავლეთით წყალტუბო, ჩრდილოეთით- თერჯოლა, ჩრდილო- აღმოსავლეთით ზესტაფონის, აღმოსავლეთით- ხარაგაულის, სამხრეთით ახალციხისა (სამხ- აღმ) და ადიგენის (სამხ- დას) მუნიციპალიტეტები ესაზღვრება.

ტურიზმის განვითარებითვისაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კუთხეა, ვინაიდან არაერთი ღირსშესანიშნავი ობიექტები და ბუნებრივი ძეგლები გვხვდება; დღესაც აქტიურად მიმდინარეობს ბუნებრივი ღირსშესანიშნავი ადგილების აღმოჩენა, რაც ერთი-ორად ზრდის ბაღდათის ტურისტულ პოტენცილს და ინტერესესის გაღვიძებას იწვევს საზოგადოებაში. გარდა ამ ობიექტებისა ტურისტულად საინტერესო მხარედ მისი გეოგრაფიული მდებარეობა, ლანდშაფტები, განსხვავებული და მრავალფეროვანი ეკოსისტემები შეიძლება ჩაითვალოს, ბუნების ელემენტები და ა.შ...

ტურიზმის განვითარებაც სწორედ ამ კუთხით განავითარებს ქვეყანას, ხელს შეუწყობს მსოფლიო მასშტაბით გაიცნონ საქართველო და გაიგონ ჩვენი პატარა ქვეყნის არსებობის შესახებ; ჩვენი წეს-ჩვეულებების, ტრადიციების, ისტორიისა და კულტურის შესახებ, რომელთაც ათასწლეულობის ისტორია გააჩნიათ.

ცნობილია, რომ ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება ნებისმიერ ქვეყანას ძალზე მაღალ შემოსავლებს აძლევს, როგორი უმნიშვნელო ბუნებრივ-ისტორიული ბაზაც არ უნდა ჰქონდეს მას. ეკონომიკურად და სოციალურად მაღალ დონეზე მდგარ ქვეყნებში ამ დარგს აუცილებლად ანვითარებენ, რადგან სთვლიან, რომ ქვეყნიდან გასული ტურისტი, თუ ის კმაყოფილია ყოველივე იმით, რაც ნახა, შეიძლება დაბრუნდეს როგორც ინვესტორი ან თავის სახელმწიფოში გაუწიოს პოპულარიზაცია იქაურ საზოგადოებას, რათა მათაც მოინახულონ მისი მასპინძელი ქვეყანა.

ბუნების ძეგლების შესწავლა მათი პოპულარიზაციის მიზნით მნიშვნელოვანი საკითხია. აღნიშნული აუზი იმდენად მდიდარია ბუნებრივი წარმოშობის სხვადასხვა ფორმებით, რომ შეიძლება ჯერ უცნობი ობიექტების აღმოჩენა-შესწავლა, რომელთა შესახებ მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვისაა ცნობილი.


ფოტოები
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.