“ამდენი ტურისტი ბაკურიანში აქამდე მართლაც არ ყოფილა, მაგრამ უმრავლესობას ხელმეორედ ჩასვლის სურვილი დაეკარგება“ – რა ხდება ზამთრის კურორტზე
„ალბათ, მოგეხსენებათ, რომ დიდი კრიტიკით არ გამოვირჩევი, მაგრამ რაც ბაკურიანში ხდება (გუდაურში არ ვყოფილვარ წელს), ძალიან სასირცხვილოა, — წერს ბაკურიანის დამსვენებელი ვანო ნადირაძე სოციალურ ქსელში. (აქვე ვიტყვით, რომ იგი გამონაკლისი არაა ვინც ბაკურიანის წლევანდელ პრობლემებზე ინტერნეტსივრცეში საუბრობს)
“რაც წელსაა, ამდენი ტურისტი მართლაც არ ყოფილა აქამდე, მაგრამ უმრავლეს მათგანს სურვილი დაეკარგება ხელმეორედ ჩასვლის.
საგზაო ინფრასტრუქტურა არის სრული კატასტროფა! სახლიდან (ბაკურიანის ცენტრიდან) ნებისმიერ საბაგირომდე მისვლას 2 საათი არ უნდა სჭირდებოდეს. ადგილზე მისული კი აღმოაჩენ, რომ საბაგირო არ მუშაობს. ეს საინფორმაციო ცენტრი კი მუშაობს, მაგრამ ერთია და ისიც ყველამ არ იცის, რომ არსებობს. გზები ათხრილ-დათხრილი ყინულითაა სავსე. რა გახდა ამ ყინულ-მწმენდების შესყიდვა-ამოქმედება, ვერ ვხვდები.
კოხტას გზაზე (ერთად-ერთი მუშა საბაგირო იყო ეს დღეები) სრული საშინელებაა. გზა (ესეც პირობითად, თორემ ამ აგლეჯილ-დაგლჯილობას გზას ტყუილად ვეძახი) ერთი მანქანის გასავლელია დარჩენილი, აქეთ-იქით მანქანებია დაპარკინგებული (წესიერი პარკინგების არარსებობის გამო) და ძალიან მიკვირს, ავარიები როგორ არ ხდება. ამ ერთმანქანიან გზაზეც ქვეითები მოძრაობენ იმიტომ, რომ ტროტუარებზე (რომელიც ფაქტობრივად არ არსებობს) უარესი ყინულია, თან ისეთი ლოლოები კიდია შენობებზე, რომ სულ სუფთა ტროტუარი რომ იყოს, მაინც არ გავრისკავდი მასზე სიარულს.
მეზობელი ქვეყნიდან მყავდა სტუმარი და სირცხვილისგან აღარ ვიცოდი, რა მექნა (ჩემი ოჯახის კომფორტზე საერთოდ აღარ ვზრუნავდი). სულ სიმწრის ბოდიშებს ვუხდიდი. იმან დამცა საბოლოოდ, როდესაც მან აღნიშნა, რომ შარშანაც ასე იყო და შარშანწინაცო.
ყველაზე ცუდი ისაა, რომ ფულიც (ქვეყანა ბიუჯეტია გამოყოფილი და ისედაც დიდი შემოსავალი აქვს ამ დაბას) თავზე საყრელია და დროც, მაგრამ საქმის გამკეთებელი არ ჩანს. ნეტავ, ვცდებოდე, მაგრამ მოვა მომავალი წელიც და ვნახოთ.
მოკლედ, ბაკურიანში თუ ჩახვალ, სახლში ან სადმე რესტორანში (თუ მიაღწევ იქამდე) უნდა იჯდე და იყო თბილად.
ბოდიში ასეთი ნეგატივისთვის, მაგრამ ვერ მოვითმინე. იქნებ, მივიდეს ეს სიტყვები იქამდე ვისთანაც უნდა მივიდეს…“ — ასეთია ვანო ნადირაძის ზამთრის კურორტის შეფასება.
დასვენებაზე აქტუალური წელს ბაკურიანში მანქანების თამაა. სოციალურ ქსელში უკვე დღის ფოტოდ იქცა ტრანსპორტით გადატვირტული ბაკურიანი.
„არ ვიცი, ან ტურიზმის რაღაც უწყება რას აკეთებს, ან ადგილობრივი მუნიციპალიტეტი, ან გუბერნატორი ან არქიელი. ოკ — გრუზინი უტვინოა, პურზე ჯიპით დადის. კურორტი რომ ფაფუ, ვერ ხვდებით ხო? მე რომ ფეხით სეირნობა მინდა, ვიღაც გურიკოს და გვანციკოს-ს მანქანის გლუშიწელი უნდა მიხრჩოლავდეს? ტვინები გაანძრიეთ ცოტა, ევროპული კურორტი არა კვახი!!!“ — ესეც ერთ-ერთი დამსვენებელის facebook სტატუსია.
როგორ ემზადებოდა ბაკურიანი ზამთრის სეზონის შესახვედრად, ამ თემებზე კომერსანტი სისტემატურად წერდა, რა ხდება ამჟამად კურორტზე.
როგორც ბაკურიანის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი გოჩა გობრონიძე კომერსანტთან საუბარში აცხადებს, 2019 წლის ზამთრის სეზონს ბაკურიანი ტურისტების უპრეცედენტრო რაოდენობით შეხვდა. ამჟამად ზუსტი ციფრის დასახელება ვერ ხდება, თუმცა ზამთრის სეზონის დასრულების შემდგომ ოფიციალური მონაცემები გამოქვეყნდება.
როგორც “კომერსანტმა“ ადგილობრივებთან საუბარში გაარკვია, ბაკურიანი წელს ტურისტების უპრეცედენტო ნაკადს შესაბამისად მომზადებული ვერ შეხვდა. კონკრეტულად საქმე ეხება – სასტუმროების, რესტორნების, საპარკინგე ადგილების და საბაგიროების სიმცირეს. ასევე ბაკურიანში ბოლო 4 დღის განმავლობაში მოსახლეობა უწყლოდ იყო დარჩენილი, თუმცა ამჟამად ეს პრობლემა უკვე მოგვარდა.
ბაკურიანის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი კი ირწმუნება, რომ საბაგიროები სრულ მზადყოფნაშია და ის ტურისტების მომსახურებას სრულად უზრუნველყოფს.
გოჩა გობრონიძის განცხადებით, ბაკურიანში წელიწადის ყველაზე აქტიურ სეზონზე საპარკინგე სისტემასთან დაკავშირებით პრობლემები მუდმივად იქმნება. სწორედ ამიტომ ბაკურიანში წელს კოხტაგორის მიმდებარე ტერიტორიაზე 3 ავტოსადგომი მოეწყო, რომელიც ჯამში დაახლოებით 500 ავტომობილს იტევს. დიდველზე კი 4 ავტოსადგომია, რომელიც ჯამში 500-ზე მეტ ავტომობილს იტევს.
რაც შეეხება სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომელიც წელს დამსვენელბლებს ბაკურიანში დახვდათ — კურორტზე ჯამში 4 საბაგიროა მოწყობილი. ერთი გონდოლას ტიპის, ერთი სკამებიანი (ბაბლი), ერთი ბიგელი და ფუნიკულიორი. კურორორტზე არის 16 კმ-ნი 8 სათხილამურო გზა, რომელიც გათვლილია ყველა კატეგორიის მოთხილამურისათვის.
მოწყობილია დამატებით 3 ახალი სასრიალო ტრასა დიდველზე, კოხტაგორაზე და მიტარბზე.
დიდველზე დამონტაჟებულია ხელოვნური გათოვლიანების სიტემა. 2000 მეტრიან სათხილამურო გზას 34 თოვლის საფრქვევი აპარატი და 2 ზარბაზანი ათოვლიანებს. კურორტზე ღამეც შესაძლებელია სრიალი, ფუნქციონირებს მაღალტექნოლოგიური ფერადი განათებები, ე.წ „ლედ განათებები“.
დიდველზე დამონტაჟებულია სამთო-სათხილამურო კურორტების დამატებითი ატრაქცია „ტობოგანი“, ანუ მთის ციგა. „ტობოგანის“ მშენებლობა სლოვაკურმა კომპანია „Tatralift”-მა განახორციელა. ტრასის სიგრძე 960 მეტრია.
მთის კურორტზე ჯამში 300-მდე სასტუმრო და 5 ახალი რესტორანია.
როგორც ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი გოჩა გობრონიძე აღნიშნავს, ამ ეტაპზე ბაკურიანში შიდა გზების რეაბილიტაციის და შემოვლითი ბაკურიანი-ანდეზიტის გზის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. მიმდინარე წლის 15 ნოემბრამდე ბაკურიანში, 20 ჩიხში შიდა გზის რებილიტაცია უნდა მოხდეს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 9 000 ლარია გამოყოფილი.
რაც შეეხება წყალმომარაგებას და ელექტროენერგიას. მიმდინარე წელს ახალი მშენებარე ობიექტები „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ მომარაგდება და მასში დაახლოებით 4 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდება. ენერგო-პრო ჯორჯია ელექტორენერგიის უზრუნველყოფის მიზნით მშენებარე ობიექტებში დამატებითი ძაბვებით მომარაგების პროექტს ახორციელებს.
commersant.ge