ბაკურიანის ენერგომომარაგების გაუმჯობესებაში კომპანია “ენერგო-პრო ჯორჯია“ ₾6,2 მლნ-ის ინვესტიციას ჩადებს.
კომპანია ტექნიკური სამსახური ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპის განხორციელებას იწყებს.
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ცნობით, მაღალი ძაბვის ქვესადგურში უკვე შეიცვალა ძველი ძალოვანი ტრანსფორმატორი, ახალი, უფრო მძლავრი ტრანსფორმატორით, რომელიც ექსპლუატაციაში მიმდინარე თვეს შევა.
სამუშაოების ფარგლებში, წლის ბოლომდე ასევე განხორციელდება 3 კმ-მდე სიგრძის მიწისქვეშა კაბელის დამონტაჟება. სამუშაოების მეორე ეტაპი მომავალ წელს დაიწყება, აშენდება ახალი გამანაწილებელი პუნქტი, ქვესადგურს ,,ბაკურიანი“ ჩაუტარდება სრული, კაპიტალური რეკონსტრუქცია, მაღალი ძაბვის სამ ელექტროგადამცემ ხაზს (ცემი-1, ცემი-2, ცემი-3) ჩაუტარდება რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია.
,,ელექტროენერგიის მოხმარების ზრდა, განსაკუთრებით საკურორტო ზონებში ფიქსირდება, მათ შორის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ბაკურიანის სტაბილური ელექტრომომარაგება. მიუხედავად იმისა, რომ ბაურიანში უკვე განახორციელდა მნიშვნელოვანი ტექნიკური პროექტები, კომპანიამ გადაწყვიტა კიდევ უფრო მასშტაბური პროექტის განხორციელება. სამუშაოების დაწყება საკმაოდ მნიშვნელოვანია დაბისთვის. პროექტის დასრულების შემდეგ, კიდევ უფრო საიმედო გახდება ბაკურიანის ენერგომომარაგება, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის კიდევ უფრო განვითარებას“- განაცხადა ,,ენერგო-პრო ჯორჯია“-ს გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ბოცვაძემ.
www.travelingeorgia.ge