ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ბაკურიანში ინფრასტრუქტურის კუთხით არსებულ გამოცდილებას 7 ქვეყნის სათხილამურო კურორტის წარმომადგენელი გაეცნო
23 თებერვალი, 2023
ბაკურიანში  ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში, კომპანია „დოპელმაიერის“ ორგანიზებითა და მთის ტრასების სააგენტოს ჩართულობით,  საქართველოს  7 ქვეყნის სათხილამურო კურორტის 40-მდე წარმომადგენელი, მათ შორის, მენეჯერები  და მფლობელები ესტუმრნენ.
 
ვიზიტის მიზანია,  სტუმრები გაეცნონ და გაიზიარონ ის გამოცდილება, რომელიც საქართველომ  ბოლო წლების განმავლობაში დააგროვა სამთო-სათხილამურო კურორტებზე, ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით. 
 
მთის ტრასების სააგენტოს დირექტორის ირაკლი ბურჭულაძის განცხადებით, სტუმრებმა ადგილზე დაათვალიერეს ბაკურიანის ინფრასტრუქტურა, მათ შორის, ახალი საბაგიროები და ხელოვნური ტბის რეზერვუარები. „მათი მხრიდან საკმაოდ მაღალი შეფასება მივიღეთ. უნდა აღინიშნოს, რომ უკლებლივ ყველა სტუმარმა გაოცება ვერ დამალა, როგორ შევძელით ასეთ მოკლე ვადებში ბაკურიანში მაღალი დონის ინფრასტრუქტურის მოწყობა და ასეთი მაღალი დონის საერთაშორისო ტურნირის მასპინძლობა“, - აღნიშნა ირაკლი ბურჭულაძემ. 
 
ყაზახეთის კურორტ „შიმბულაკის“ დირექტორის რინატ აბრაკხმანოვის განცხადებით, ის ბაკურიანს 2021 წელს სტუმრობდა, თუმცა ამ მცირე პერიოდში ბაკურიანში ჩასულს კურორტზე უამრავი სიახლე დახვდა. „აქ უკვე მეორედ ვარ და გაოცებული ვარ იმით, თუ როგორ არის მომზადებული ბაკურიანი მსოფლიო ჩემპიონატისთვის. პირველად აქ 2021-ში ჩამოვედით და არაფერი იყო, ამჯერად კი კარგად ვხედავთ, ყველაფერი როგორი ორგანიზებული და კეთილმოწყობილია. იმედი მაქვს, ყველა ქვეყანა ისიამოვნებს ამ მსოფლიო ჩემპიონატით“, - აღნიშნა რინატ აბრაკხმანოვმა. 
 
ბაკურიანში წლის მთავარი სპორტული მოვლენა 5 მარტამდე გაგრძელდება. მსოფლიო ჩემპიონატში 42 ქვეყნის 700-მდე სპორტსმენი მონაწილეობს.  
 
დღეს დიდველის მთაზე სნოუბორდის შერეული ნაკრების პარალელური სლალომის ფინალი მიმდინარეობს, რომელშიც 13 ქვეყნის 34 სპორტსმენი მონაწილეობს, კოხტის მთაზე კი კვალიფიკაციაა არეალსის დისციპლინაში (7 ქვეყნის 34 სპორტსმენი) ოფიციალური ვარჯიში მიმდინარეობს სქი კროსის სახეობაში (14 ქვეყნის 64 სპორტსმენი, მათ შორის: დავით თედიაშვილი, ლაშა კურტანიძე, ბექა ბერძენიშვილი) და სლოუფსთაილის ფრისკიში (21 ქვეყნის 71 სპორტსმენი მათ შორის: ლუკა ჩოფიკაშვილი, ბუთა ელოშვილი) და სავარჯიშოდ გამოვიდა 14 ქვეყნის 71 სპორტსმენი მოგულის სახეობაში.
 

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.