ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ბაკურიანში ”კოხტა მიტარბის” საერთაშორისო სტანდარტების ოთხ სეზონიანი კურორტი აშენდება
27 ივლისი, 2017

კურორტ „კოხტა მიტარბის“ პროექტის განხორცილება იწყება. პროექტის პრეზენტაციას თიბისი დღეს გამართავს.

პრეზენტაციას  „თიბისი“ ბანკის  სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე და კერძო სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან.

პროექტი ბაკურიანში, „კოხტა-გორას“ მიმდებარე ტერიტორიაზე და მიტარბში საერთაშორისო სტანდარტების ოთხ სეზონიანი კურორტის მშენებლობასა და განვითარებას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სასტუმროებისა და აპარტამენტების კომპლექსის მშენებლობა.

პროექტის დაწყებამდე 2015 წელს გაფორმდა მემორანდუმი საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანია (GRDC) და სახელმწიფოს შორის, რომელიც კერძო კომპანიის მხრიდან  სასტუმროებისა და აპარტამენტების კომპლექსის მშენებლობას ითვალისწინებს, ხოლო სახელმწიფოს მხრიდან ინფრასტრუქტურის მოწყობას, ახალი სათხილამურო ტრასების მშენებლობას.

პროექტის განვითარების პროცესში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს განაშენიანების რეგულირების გეგმას, რომელიც დამუშავდა მსოფლიოში ცნობილი ფრანგული კომპანიების „GEODE“  და „COMPAGNIE DES ALPES „ მონაწილეობით.

სასტუმროებისა და აპარტამენტების კომპლექსები განაშენიანდება ეწ „სქი ინ სქი აუთ“ კონცეფციით, რაც ითვალისწინებს საცხოვრებელი აპარტამენტებისა და სასტუმროების ინტეგრირებას სათხილამურო ტრასებთან მომხმარებლების მაქსიმალური კომფორტის გათვალისწინებით.

პროექტი ვითარდება ეტაპობრივად,  პირველ ეტაპზე „კოხტა გორას“ მიმდებარედ სასტუმრო „რუმსთან“ ერთობლივად დაგეგმილია  100 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა, რომელიც ამჟამად აქტიურ  ფაზაშია. ახალი სასტუმრო კომპლექსი ოპერირებას და პირველი ვიზიტორების მიღებას 2018 წლიდან გეგმავს.

პარალელურად მიმდინარეობს საცხოვრებელი აპარტამენტების  მშენებლობა, რომელთა  დასრულებული კონდიცია ითვალისწინებს ინტერიერის სრულ რემონტს, ავეჯსა და ტექნიკას. ტერიტორიაზე ასევე მოეწყობა დახურული ავტოსადგომები, რესტორნები, კაფეები,  დამატებით გართობისა და დასვენების სხვა ზონები.

პროექტის პირველი ეტაპი 2018 წლისათვის დასრულდება, ხოლო შემდგომი ეტაპები განვითარდება მიტარბის მიმართულებით.

უახლოეს მომავალში „კოხტა გორა“ და  „მიტარბი“ გახდება მიმზიდველი მიმართულება საოჯახო დასვენების მსურველთათვის, ახალგაზრდა ოჯახებისათვის, სპორტული აქტივობის მოყვარულთათვის,  ტურისტებისათვის, ასევე მათთვის  ვისაც წელიწადის ნებისმიერ დროს აქვს სურვილი „კოხტასა“ და „მიტარბის“ ხელუხლებებლი ბუნებრივი სილამაზით, უნიკალური და სამკურნალო დანიშნულების ხე-მცენარეებითა და მათი ფერთა საოცარი გამით, ჯანსაღი ჰაერით ისიამოვნოს და განიტვირთოს.

www.bpi.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.