ბაკურიანის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, გასულ წელთან შედარებით წელს ბაკურიანს 30%-ით მეტი ტურისტი ეწვია. როგორც bm.ge-ს ცენტრში განუცხადეს, სეზონი წელს ბაკურიანში 28 დეკემბერს გაიხსნა და დღემდე კურორტს უკვე ესტუმრა 50 ათასამდე ტურისტი.
„თუ გასულ წლებში კურორტზე ძირითადად აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან ჩამოსული ტურისტების დიდი აქტივობა იყო, წელს ბაკურიანში ევროპის თითქმის ყველა ქვეყნიდან, ასევე პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტები ჭარბობდა“-აცხადებენ ბაკურიანის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში.
მათი თქმით, მიმდინარე ზამთრის სეზონზე კურორტზე არსებული ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე უკმაყოფილებას აფიქსირდებდნენ არამხოლოდ უცხოელი, არამედ ქართველი დამსვენებლებიც.
„უცხოელები შეჩვეულნი არიან რომ სათხილამურო ტრასები კურორტებზე ძირითადად დილის 8 საათიდან იხსნება. ჩვენ კი 11 საათამდე არ გვაქვს ინფორმაცია როდის გაიხსნება საბაგიროები. სწორედ ეს იწვევს უკმაყოფილებას. გარდა ამისა 28 დეკემბრიდან დღემდე მხოლოდ 4 დღე იმუშავა დიდველმა. ძირითად დატვირთვა კოხტაზე მოდის, რაც იწვევს საცობებს. შესაბამისად ეს განაპირობებს დამსვენებლების უკმაყოფილებასაც“-აცხადებენ ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში.
მათი თქმით, წელს კურორტზე ტურისტების ნაკადის ზრდის პარალელურად გაიზარდა განთავსების ობიექტების რაოდენობაც. თუ გასულ წელს კურორტზე 25 ათასამდე დამსვენებლის განთავსება იყო შესაძლებელი, წელს ეს რიცხვი 30 ათას აღემატება.
რაც შეეხება მომსახურების ტარიფებს, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში ამბობენ, რომ წინა წლებთან შედარებით ფასები არ გაზრდილა. საოჯახო ტიპის სასტუმროებში, სამჯერადი კვებით ერთი ღამის გათევა 50$ ღირს, კვების გარეშე მომსახურების საფასური კი საშუალოდ 30 ლარია.
რაც შეეხება აპარტამენტებს, სადაც რამდენიმე ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი, ფასი 120 ლარიდან იწყება.