ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საქართველოში 700-ზე მეტი ბალნეოლოგიური და სამრეწველო დანიშნულების თერმული წყლის საბადოა
23 თებერვალი, 2022

საქართველოში თერმული და მინერალური წყლების დიდი ნაწილი აუთვისებელია. ამ რესურსის უნიკალური თვისებების შესახებ ჩვენმა წინაპრებმა კარგად იცოდნენ და ოდითგანვე მათ სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ იყენებდნენ. თუმცა დღესდღეობით მხოლოდ რამდენიმე ათეული საბადოა შესწავლილი და სამრეწველო მიზნითაც გამოიყენება.  სპეციალსიტების ინფორმაციით, საქართველოში დღეისათვის ცნობილია 250-ზე მეტი ბუნებრივი და ხელოვნურად გაბურღული გამოსავლები, რომლებშიც წყლის ტემპერატურა 30-109°C-მდე მერყეობს, ხოლო მთლიანი დებეტი აღწევს 160.000 მ³ დღე-ღამეში. მათი უმრავლესობა თავმოყრილია დასავლეთ საქართველოში.

როგორც თერმული წყლების საერთაშორისო ასოციაციის წევრი გურამ ზარიძე ,,კომერსანტთან“ განმარტავს, თბილისში 300-დან 3 500 მეტრამდე სხვადასხვა სიღრმეზე განლაგებული მძლავრი (800 მეტრამდე სისქის) ცხელი წყლის შემცველი ჰორიზონტია, რომლის ტემპერატურა 400C-დან 740C-მდეა. ეს მიწისქვეშა ბუნებრივი რეზერვუარია.

,,თერმული წყლებით მდიდარია განსაკუთრებით დასავლეთ საქართველო.  თბილისშიც ოთხამდე უნიკალური  საბადოა, რომელიც თერმულ წყალს იძლევა. დასანანია, რომ ასეთი შესაძლებლობა აქვს დედაქალაქს, რეგიონებსაც და სათანადოდ ვერ ვიყენებთ. მოთხოვნა  კი საკმაოდ დიდია, ეს ხომ ბალნეოლოგიური თვისებების წყალია და არაერთ დაავადებას მკურნალობს. სასარგებლოა როგორც ბავშვებისთვის, ისე ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის. რაც შეეხება სიღრმეს, არანაკლებ 2500 მეტრიდან ამოდის და 4000 მეტრს აღწევს. რაც ღრმაა, მით უფრო ცხელი წყალი ამოდის. თუმცა, ზოგი მაღალი მინერალიზაციისაა, რაც მოპოვებას ართულებს და ხარისხზეც აისახება. თერმული წყლებით განსაკუთრებით მდიდარია აფხაზეთი, სადაც ყველაზე ცხელი თერმული წყლებია. 100 გრადუსზე მეტი ტემპერატურა აქვს, (მაქსიმალურია 110 გრადუსამდე). 90 გრადუსამდე წყალი მოდის სამტრედიაში, საშუალოდ 85-90 გრადუსიანია დანარჩენ რეგიონებშიც“, - აღნიშნავს გურამ ზარიძე.

გეოთერმული წყლების გამომუშავებული სითბო შეიძლება გავუტოლოთ გასული საუკუნის 80-იან წლებში არსებულ 49 საქვაბეში გამომუშავებულ სითბოს. ამ გზით წელიწადში 1 მლნ. ტონა ორგანული საწვავი დაიზოგება. სითბო იქნება ამოუწურავი და სხვა, ნებისმიერი გზით გენერირებულ სითბოზე 6-7-ჯერ იაფი. ის მთლიანად უზრუნველყოფს თბილისის ცხელი წყლით მომარაგებას და მოსახლეობის გათბობას.

როგორც გურამ ზარიძე იხსენებს, ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა მიმდინარეობდა 80-იან წლებამდე, თუმცა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ინტერესი შესუსტდა და დამოუკიდებლობის წლებში, ვერც წინა და ვერც არსებული ხელისუფლება ამ საკითხით მეცნიერებმა ვერაფრით ვერ დააინტერესეს.

,,ჩვენი წყლები მრავალფეროვნებით არის განთქმული, არის დაბალი და მაღალი მინერალიზაციის მქონე, ყველა საჭიროების მქონე მომხმარებელზეა მორგებული. თბილისში დაბალი მინერალიზაციის წყალია და მდიდარია სხვადასხვა ელემენტით, რომელიც ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა. საბჭოთა პერიოდში ცენტრალიზებული მუშაობა მიმდინარეობდა, სამძიებლო-გეოლოგიური სამუშაოები ტარდებოდა, რის გარეშეც ამ წყლების გამოყენება პრაქტიკაში თითქმის შეუძლებელია. მნიშვნელოვანია წერტილის სწორად დასმა, სად უნდა გაჭრა ჭაბურღილი, მაგრამ ეს ყველაფერი მოიშალა. როგორც წინა, ახლანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებს აქტიურად ვთხოვდი, რომ  დარგისთვის მიეხედათ და გამოგვეყენებინა თერმული წყლების პოტენციალი, მაგრამ როცა ხელისუფლებას კონკრეტული საკითხი არ აინტერესებს, შედეგს ვერ მიაღწევ“, - ამბობს გურამ ზარიძე ,,კომერსანტთან“.

აღსანიშნავია, რომ გეოთერმული სითბო ნებისმიერი სხვა გზით გენერირებულ სითბოზე 5-6 ჯერ იაფია და სათანადოდ დაბანდებული თანხის უკუგების ვადა შედარებით ხანმოკლეა.

საქართველოს პირობებში კი სათბურში მოყვანილი პროდუქციის თვითღირებულების 40%-ს გათბობის დანახარჯები შეადგენს.

ელექტროენერგიის საწარმოებლად გამოყენების შემთხვევაში, როგორც გურამ ზარიძე აღნიშნავს,  ჭაბურღილი დიდ სიღრმეზე უნდა გაიბურღოს, ამიტომ საჭიროა მეტ სიღრმეზე ჩასვლა, საიდანაც ამოვა მაღალი ტემპერატურის წყალი (200 გრადუსზე მეტი) და ამოჰყვება ორთქლიც.

,,ორთქლი და წყალი ერთად უკვე შესაძლებელია გეოთერმული ენერგეტიკისთვის იქნას  გამოყენებული. თუმცა ის წყლები, რასაც ამ ეტაპზე ვიღებთ, ამ მიზნით ნაკლებად გამოდგება დაბალი ტემპერატურის გამო. სახალხო მეურნეობის მრავალ სფეროში შეიძლება თერმული წყლების წარმატებით გამოყენება, თუმცა დღეისათვის მათ, ისიც შეზღუდული რაოდენობით, მხოლოდ ბალნეოლოგიური გამოყენება აქვთ“, - ამბობს გურამ ზარიძე.

ამდენად, საქართველო იაფი და სიღრმული ენერგიის უშრეტი წყაროა, აქ მოპოვებულ თერმულ წყლებს აქვს სამკურნალო თვისებები, მაღალი ტემპერეტურა, მცირე მინერალიზაცია და ქიმიური ელემენტების მაღალი შემცველობა.

თერმულ წყლების გამოყენება შესაძლებელია სათბურებში, როგორც გათბობის საშუალება,  ვინაიდან მინიმუმამდე დაიყვანს გათბობის ხარჯს.

1973-1993 წწ. ჩატარებულ საძიებო-გეოლოგიური და საექპლუატაციო ბურღვითი სამუშაოების შედეგად საგრძნობლად გამდიდრდა თერმული წყლების საექსპლუატაციო ფონდი. თუმცა შემდგომ წლებში სფერო ვერ განვითარდა და არსებული პოტენციალის დიდი ნაწილი აუთვისებელი დარჩა.

commersant.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.