ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„Bamboo Beach Tsikhisdziri-ის მშენებლობა პანდემიის მიუხედავად არ გაჩერებულა და წლის ბოლოს დასრულდება“ - რედკო
20 იანვარი, 2021

Bamboo Beach Tsikhisdziri – „რედკოს“  პრემიუმ კლასის სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა ციხისძირში 2021 წლის ბოლოს დასრულდება, ამის შესახებ „კომერსანტს“ დეველოპერული კომპანია „რედკოს“ ხელმძღვანელმა მალხაზ კუნელაურმა განუცხადა.

Bamboo Beach Resort-ის პროექტის ერთ ნაწილში აპარტამენტები, ხოლო მეორეში კი Marriott International-ის საერთაშორისო ბრენდ სასტუმრო ქსელი - aloft hotels განთავსდება.

„Bamboo beach resort-ის  მშენებლობა პანდემიის მიუხედავად არ გაჩერებულა და გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. დაგეგმილი გვაქვს, რომ წლის ბოლომდე შენობა დავასრულოთ და შიდა სამუშაოების აღჭურვის კუთხით ისე იყოს მოწყობილი რომ ამუშავება მოთხოვნის შესაბამისად უკვე შეგვეძლოს. ვფიქრობ, თუ სიტუაცია არ დასტაბილურდება, მაქსიმუმ რამდენიმე თვით გადაიდოს გახსნა. თუმცა ძირითადი სამუშაოები წლის ბოლომდე უნდა იყოს დასრულებული, ეს იმ შემთხვევაში თუ კიდევ რაიმემ არ შეგვიშალა ხელი“, - განმარტა მალხაზ კუნელაურმა.

მისი თქმით, ახალი პროექტის დაწყება აჭარის რეგიონში ამ ეტაპზე არ იგეგმება, რაც შეეხება 2021 წლის გეგმებს, კუნელაური ამბობს, რომ აუცილებელია საზღვრების გახსნა და რეგულაციების შერბილება, რათა ბიზნესმა აღდგენა დაიწყოს.

„ეკონომიკური აქტივობის შემცირების გამო ახალი პროექტების დაწყება აჭარაში არ იგეგმება. რეგულაციებმა და ლოკდაუნმა ბიზნესი ძალიან დააზარალა, ბევრს არ აქვს იმის საშუალება რომ სწრაფად მოახდინოს აღდგენა. ამის წინაპირობა არის ის, რომ გაიხსნას საზღვრები და მოხდეს უცხოელი ვიზიტორების ქვეყანაში შემოსვლა. ზარალი, რომელიც ქვეყანამ განიცადა ტურიზმის სექტორში 3 მლრდ.-ს აღემატება, რომელიც ქვეყნის მასშტაბით არის გადანაწილებული და ამის კომპენსირება ძალიან რთულია. რაც სწრაფად მოხდება ეკონომიკის გახსნა, მით უფრო მალე დაიწყება აღდგენა. 2021 წელს ჩვენი მთავარი სურვილია სწრაფად მოხდეს შეზღუდვების მოხსნა და რეგულაციებმა კიდევ უფრო მეტად არ შეგვიშალოს ხელი“, - აცხადებს მალხაზ კუნელაური.

Bamboo beach resort-ის ჯამური საინვესტიციო მოცულობა  70 მილიონ ლარს შეადგენს. სასტუმროსა და აპარტამენტების კომპლექსში  გაერთიანებულია 521 პრემიუმ კლასის აპარტამენტი, 119 სასტუმრო ნომერი, კერძო ნავსადგომი, კერძო სანაპირო ზოლი, ღია და დახურული საცურაო აუზები, აკვაპარკი, ზიპლაინი, სპა და ფიტნეს დარბაზები. საოჯახო ტიპის კურორტის პროექტი, საპროექტო კომპანია Green Design Society-მა შეადგინა.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.