„ბანგურიანი“ ფაქტობრივად გაჩერებულია” – სასტუმროს მენეჯმენტის მოლოდინები ზამთრისთვის
სვანეთში, მესტიაში მოქმედი სასტუმრო „ბანგურიანი“ ქვეყანაში ეპიდემიის ფართოდ გავრცელების შემდეგ, ფაქტობრივად, გაჩერებულია. სასტუმროს დაკეტვას ადმინისტრაცია არ აპირებს და მიზერულ ჯავშნებს დღესაც იღებს, რითაც იქ დასაქმებულ 30 ადამინს სამსახურს უნარჩუნებს.
BM.GE-ისთან საუბრისას „ბაგურიანის“ სასტუმროს ბიზნეს კონსულტანტი გიორგი დოლიძე ყვება, რომ სასტუმროს შემოსავლებზე საგანგებო მდგომარეობამ დიდი გავლენა იქონია, თუმცა პირველი ტალღის რეგულაციების მოხსნის შემდეგ, შიდა ტურიზმზე გადაწყობის შედეგად მისმა დატვირთვამ, სწორი სტრატეგიით, ზაფხულში 70%-80%-ს მიაღწია, რამაც განთავსების ღირებულების შემცირების მიუხედვად, კომპანიას გარკვეული მოგება დაუტოვა. სვანეთში ვირუსის გავრცელების მეორე ტალღის გავრცელების დაწყების შემდეგ სასტუმრო საკარანტინე ზონად გადაკეთდა, რამაც როგორც გიორგი დოლიძე ამბობს, „სასტუმროს თავი გაატანინა“.
კითხვაზე – რა მოლოდინები აქვთ ზამთრის სეზონზე და ხომ არ მიუღიათ დეკემბრის ჯავშნები, გიორგი დოლიძე აცხადებს, რომ ზამთრის სეზონზე 50%-60%-იანი დატვირთვის იმედი აქვთ.
„მესტიაში ზამთრის სეზონზე წინასწარი ჯავშნები უკვე კეთდება და ადგილობრივებიდან ჯავშნების რაოდენობა დაახლოებით 15%-20%-ია. Booking-იდანაც გვაქვს რეზერვაციაბი, თუმცა ეს რეგულარული ფრენების სიხშირის აღდგენაზეა დამოკიდებული. ამასთან, ვემზადებით ახალი წლისთვისაც და იმ შემთხვევაში თუ არ იქნება რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და შეზღუდვები არ იქნება ასეთი მასშტაბური, არ გავრცელდება რეგიონებზე, ზაფხულში არსებული მინიმალური რეგულაციების პირობებში, სასტუმრო ზამთარში შიდა ტურიზმის ხარჯზე 50%-60%-ით დაიტვირთება“, – განაცხადა გიორგი დოლიძემ.
სასტუმროს ბიზნეს კონსულტანტი 2020 წელს პანდემიის შედეგად სასტუმროს მიუღებელ შემოსავალზე საუბრობს და იმასაც აღნიშნავს, რომ დღეისთვის „ბანგურიანში“ ერთი დღით განთავსების ღირებულება განახევრებულია.
„ჩვენთან ერთი ღამით განთავსების გამოცხადებული ფასი თუ იყო 120 დოლარი, დღეს ნომრის ღირებულება 150 ლარია. პირველი ტალღის დროს ამოქმედებული საგანგებო მდგომარეობის, შემდეგ შიდა ტურიზმი ამოქმედებისა და ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობის გავლენით შემცირებული ფასების გათვალისწინებით, 2020 წელს სასტუმროს მიუღებელი შემოსავალი 800 000 ლარს მიაღწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეს სასტუმრო თვითგადარჩენისთვის მუშაობს“, – განაცხადა „ბანგურიანის“ სასტუმრო ბიზნესის კონსულტანტმა.
გიორგი დოლიძე იმედოვნებს, რომ 2021 წლიდან ფრენები აქტიურად აღდგება, რადგან როგორ გააგრძელებს სასტუმრო მუშაობას, სწორედ ამაზეა დამოკიდებული. ის აღნიშნავს, რომ უცხოელი პარტნიორების მხრიდან 2021 წლის გაზაფხულის სეზონიდან ჯავშნები უკვე კეთდება, თუმცა ეს ჯავშნები გარანტირებული არ არის.
„გერმანია, ისრაელი, საუდის არაბეთი, დუბაი, ყატარი, ევროპის სხვადასხვა ქვეყნები, რუსეთი, აზერბაიჯანი და უკრაინა – ეს ის ქვეყნებია, საიდანაც „ბანგურიანში“ ჯავშნები გაზაფხულიდან შემოდის. მოთხოვნა საკმაოდ დიდია, რაც დამოკიდებულია იმაზე იქნება თუ არა ფრენები 2021 წელს, თუმცა იმის ინდიკატორია, რომ ტურისტული მოთხოვნა მსოფლიო მასშტაბით არ შემცირებულა, ხალხს მოგზაურობის სურვილი და შესაძლებლობა ძალიან დიდი აქვს, თუმცა გასული წლებისგან განსხვავებით ჩვენ ვერ ვითხოვთ წინასწარ დეპოზიტებს ჯავშნების მოცულობის გარანტირებულობის გასაზომად, რადგან ყველა საერთაშორისო ფრენების აღდგენის გრაფიკებს ელოდება“, – განმარტა გიორგი დოლიძემ.
BMG