ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
კრიპტოვალუტის მწარმოებელი ფერმები სვანეთში და სასტუმრო ბანგურიანის განცხადება
28 დეკემბერი, 2020

„მე ვერ ვხედავ კანონდარღვევას ბიტკოინების წარმოებაში, თორემ სიამოვნებით ვეტყოდი, რომ კანონს არღვევს.“ - ასე ეხმაურებოდა ერთი წლის წინ მესტიის მუნიციპალოიტეტის გამგებელი კახა ჟორჟოლიანი უშუქოდ დარჩენილი მოსახლეობის პროტესტს ბიტკოინების წარმოების გამო.

ბიტკოინების ეპოქაში მატულობს კრიპტოვალუტის მწარმოებელი მაინერების რიცხვი. ამის მაგალითია საქართველოს ის რეგიონი, რომელიც დენის გადასახადისგან სრულიად თავისუფალია და მსურველებს უფასოდ შეუძლიათ ნებისმიერი რაოდენობის ელექტეროენერგია მოიხმარონ, რათა ბიტკოინებით შემოსავალი მიიღონ. აღსანიშნავია, რომ ამ მაინერებს  სამუშაოდ საკმაოდ დიდი რაოდენობის ელექტროენერგია სჭირდება.

ბიტკოინების ქარხნების გამო სვანეთის მაღალმთიან რეგიონში მაცხოვრებელთა სახლები ჩაბნელებული იყო ისევე, როგორც სკოლები, ბაღები და სამედიცინო დაწესებულებები.

ცოტა ხნის წინ კი, სვანეთში, დაბა მესტიაში მდებარე სასტუმრო „ბანგურიანის“ დამხმარე ფართში პოლიციამ კრიპტოვალუტის მწარმოებელი ფერმა გამოავლინა, რომელიც უკანონოდ მოიხმარდა იმდენ ელექტროენერგიას, რამდენიც 4-5 სოფელს სჭირდება. ეს  ინფორმაცია „ენერგო პრო ჯორჯიამ გაავრცელა.

კომპანიის განცხადებით, 2020 წელს, მესტიაში კატასტროფულად გაიზარდა ელექტროენერგიის მოხმარება, რისი მიზეზიც ადგილზე გახსნილი კრიპტოვალუტის მწარმოებელი პუნქტებია, რომლებიც დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას იტაცებენ.

სასტუმრო ბანგურიანის ადმინისტრაციამ საპასუხო განცხადება გაავრცელა, სადაც ხაზი გაუსვა, რომ სასტუმროს ამ ფაქტთან არავითარი შემხებლობა არ აქვს:

„გვსურს გამოვეხმაუროთ “ენერგო-პრო ჯორჯიას” ენერგო-პრო ჯორჯია • Energo-Pro Georgia მიერ გაკეთებულ განცხადებას მესტიაში დიდი რაოდენობის ელექტროენერგიის დატაცების ფაქტის გამოვლენასთან დაკავშირებით.4

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სასტუმრო ,,ბანგურიანის“ დამხმარე ფართში პოლიციამ გამოავლინა კრიპტოვალუტების მწარმოებელი აპარატები, რომლებიც უკანონოდ მოიხმარდნენ დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას. დატაცების ფაქტის გამოვლენა მოხდა მესტიის პოლიციის განყოფილების თანამშრომელთა მიერ.

გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ სასტუმრო “ბანგურიანს” ამ ფაქტთან არავითარი შემხებლობა არ აქვს. აღნიშნული ფართი განთავსებულია სხვა პირის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე და არ წარმოადგენს სასტუმროს საკუთრებას.

ხაზგასმით უარვყოფთ სასტუმროს რაიმე სახის კავშირს კრიპტოვალუტების მწარმოებელი აპარატების განთავსებასა და ნებისმიერი ფორმის კანონდარღვევასთან. მითითებულ გამოძიებასთან დაკავშირებული სხვა დეტალები ჩვენთვის უცნობია.

აქვე აღვნიშნავთ, რომ სასტუმრო „ბანგურიანს“ მისი არსებობის მანძილზე არასდროს ჰქონია იმ ოდენობის დენის მიწოდება/მოხმარება, რაც საჭიროა კრიპტოვალუტების მწარმოებელი აპარატების ფუნქციონირებისთვის და შესაბამისად, სიმართლეს არ წარმოადგენს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს განცხადებაში მითითებული გარემოება, თითქოს სასტუმროს მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა უტოლდება 4-5 საშუალო სოფლის მოხმარებას.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს მიერ გამოქვეყნებული განცხადება არ ეფუძნება რეალურ ფაქტებს, მათი მხრიდან არ მომხდარა კომუნიკაცია სასტუმრო „ბანგურიანთან“ და სასტუმროს ამ კონტექსტში მოხსენიება საფრთხეს უქმნის მის საქმიან რეპუტაციას. იმ შემთხვევაში, თუ კომპანია არ დააკორექტირებს მითითებულ განცხადებას, სასტუმრო „ბანგურიანი“ იტოვებს უფლებას გამოიყენოს მის ხელთ არსებული სამართლებრივი ბერკეტები.

განცხადების პირველწყაროს მივმართავთ თხოვნით, უმოკლეს დროში დააკორექტიროს არასწორად მითითებული მონაცემები და ხელი არ შეუწყოს დეზინფორმაციის გავრცელებას.

გვსურს მადლობა გადავუხადოთ სამართალდამცავ უწყებებს დროული რეაგირებისა და იმ კანონდარღვევის გამოვლენისთვის, რომელიც არაერთხელ გამხდარა ადგილზე არსებული ელექტროქსელის დაზიანების მიზეზი. _ ნათქვამია სასტუმროს განცხადებაში.

„მხოლოდ მესტიის რაიონი ამ დროისთვის საშუალოდ მოიხმარს 12-14 სხვა რაონის სამყოფ ელექტროენერგიას. გაზრდილ მოხმარებას ფიზიკურად ვერ უძლებს ადგილზე არსებული ელექტროქსელი. ხშირად ხდება ავარიები. კომპანიის თანამშრომლები ცდილობენ მწყობრიდან გამოსული ქსელი დროულად შეაკეთონ, თუმცა ელექტროენერგიის განსაკუთრებით მომატებულ მოხმარებას, კვლავ მწყობრიდან გამოჰყავს. ამასთან, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ თანამშრომლებს ადგილზე არ აქვთ უსაფრთხოდ გადაადგილებისა და ელექტროენერგიის დატაცების ფაქტების აღმოჩენის საშუალება“, - აღნიშნეს კომპანიაში.

„ენერგო-პრო ჯორჯია“ შესაბამის ორგანოებს სთხოვს, კვლავ გაგრძელდეს ელექტროენერგიის დატაცების ფაქტების გამოვლენა.

„ბანგურიანის“ ფინანსურმა მენეჯერმა ლევან ჯოჯუამ „მთის ამბებს“ უთხრა, რომ კრიპტოვალუტის ქარხანა სასტუმროს საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე არ აღმოუჩენიათ. „სასტუმროს ესაზღვრება სხვა პირის საკუთრებაში არსებული ტერიტორია. ელექტროენერგიის მოპარვაც ხდებოდა არა ჩვენი მრიცხველიდან, არამედ ჩვენს მრიცხველამდე. ვგეგმავთ საპასუხო განცხადების გაკეთებას და შესაძლოა, „ენერგო პრო ჯორჯიას“ სასამართლოშიც ვუჩივლით“, - განმარტა ლევან ჯოჯუამ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ენერგორესურსით სარგებლობის წესების დარღვევას გულისხმობს.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.