ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„ბანკები უარს ამბობენ, სასტუმროებისთვის სესხის გაცემაზე“- რატომ ვერ იყიდება Hotel Mountain Mestia
05 აპრილი, 2021

მესტიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და რეიტინგული სასტუმრო კვლავ ინვესტორის მოლოდინშია. როგორც ობიექტის მეპატრონე ნათია ნაცარაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რამდენიმე ინვესტორი გამოჩნდა, თუმცა მათაც სესხის დამატება სჭირდებათ, რაზეც ბანკები უარს ეუბნებიან.


ცნობისთვის, Hotel Mountain Mestia 2,9 მლნ ლარად იყიდება. სასტუმრო 3-სართულიანია და 21 ნომერია განთავსებული. შენობას აქვს ხედები მესტიის ძველ უბნებსა და კოშკებზე. ობიექტს აქვს: ბარი, ტერასა, საუნა, ცხელი წყლის ბოილერი, ცენტრალური გათბობა და გენერატორი. სასტუმრო იყიდება სრული ინვენტარითა და ყველა საჭირო აღჭურვილობით. ასევე, მიმდინარე წლის სრული ჯავშნებითა და ტურისტულ კომპანიებთან დადებული ხელშეკრულებებით.
როგორც სასტუმროს მეპატრონე ამბობს, ობიექტის გაყიდვა პანდემიით გამოწვეული ზარალის გამო გადაწყვიტა, რასაც ოჯახური პრობლემებიც ემატება. მისი თქმით, სასტუმროში დასაქმებულია 14 ადგილობრივი, რომელთა უკან შემოსავლის გარეშე დარჩენილი 14 ოჯახი დგას.


როგორც სასტუმროს მფლობელი განმარტავს, სასტუმროს ყველაზე მძიმე დარტყმა მესტიის ჩაკეტვამ მიაყენა, ბანკების მიერ გადავადებული სესხების ვადა კი ამოიწურა, შესაბამისად, ახლა კიდევ უფრო გაზრდილი საპროცენტო განაკვეთის გადახდა უწევს.


„დაინტერესებული პირები არიან, მაგრამ მათაც ბანკის ფინანსური დახმარება სჭირდებათ.ჯერ-ჯერობით ბანკები უარს ამბობენ, სასტუმროებისთვის სესხის გაცემაზე. სამწუხაროდ, ჩვენთანაც არაფერი შეცვლილა უკეთესობისკენ, რომ გაყიდვის გადაწყვეტილება შეცვალო. თუნდაც, მცირედი პოზიტიური ძვრა ხომ უნდა იყოს, რომ ამაზე დავფიქრდე?!“,- აცხადებს ნათია ნაცარაშვილი.


მისი თქმით, ამ ეტაპზე ობიექტით ადგილობრივი ინვესტორები არიან დაინტერესებული, რომელთა უკან სავარაუდოდ, უცხოელი პარტნიორებიც დგანან.


„ადგილობრივები არიან, მაგრამ სავარაუდოდ, მათ უკან დგანან უცხოელებიც. როგორც ვიცი რამდენიმეს ჰყავს უცხოელი პარტნიორი“,- ამბობს ნათია ნაცარაშვილი.

bpn.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.