“ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალი აზიისთვის “ფანჯარაა ევროპაში” – თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი აზიისათვის “ფანჯარაა ევროპაში”, – ეს განცხადება თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ თურქულ მედიასთან გააკეთა.
მისივე თქმით, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სატრანსპორტო პროექტია.
“ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ხელს შეუწყობს ჩინეთიდან ევროპაში საქონლის ტრანსპორტირების პროცესს”, – დასძინა მინისტრმა.
ცნობისთვის: მიმდინარე წლის 23 ივლისს თურქეთიდან საქართველოში პირველი სატესტო სატვირთო რეისი შესრულდა.
როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, ეს არის საქართველოს დანიშნულებით რამდენიმე ათასი ტონა თურქული ტვირთის პირველი სატესტო გაშვება და სამომავლოდ გადაზიდვის მოცულობის ზრდა იგეგმება.
„საქართველო-თურქეთის რკინიგზების ისტორიაში უმნიშვნელოვანესი თარიღია, რადგანაც დღეს პირველად ხდება რკინიგზის მეშვეობით თურქული ტვირთის საქართველოში იმპორტი. ეს ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის გამოყენებით განხორციელდება და იმედს გამოვთქვამთ, რომ ტვირთბრუნვა ეტაპობრივად მოიმატებს. მსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას და თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მეჰმეთ ჯაჰით თურანს პროექტის მხარდაჭერისთვის”, – განაცხადა სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ.
bm.ge