თბილისობის დღესასწაულზე ბარათაშვილის ქუჩაზე კომპოზიტორ რევაზ ლაღიძის ბიუსტი გაიხსნა, ავტორი მოქანდაკე თენგიზ აბრამიშვილია. პორტრეტი ბრინჯაოშია ჩამოსხმული და მასზე განთავსებული წარწერა ნოტებზეა აგებული.
„ჩემთვის ძალიან დიდი პატივია რევაზ ლაღიძის ბიუსტის გახსნა. მას არაერთი შესანიშნავი კომპოზიცია აქვს შექმნილი. იმისთვის, რომ მთელ ქვეყანას ეღიარებინა, „თბილისოც“ საკმარისია. მან საკმაოდ ახალგაზრდამ, 38 წლის ასაკში დაწერა ეს სიმღერა და შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი დედაქალაქის ჰიმნად იქცა. მნიშვნელოვანია, რომ ბიუსტის გახსნა თბილისობის დღესასწაულს დაემთხვა“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ბიუსტის ავტორის, მოქანდაკე თენგიზ აბრამიშვილის განცხადებით, თბილისში „თბილისოს“ ავტორის ძეგლი არ იდგა და ბიუსტის შექმნის იდეაც სწორედ ამიტომ გაუჩნდა. "სამუშაოდ რამდენიმე წელი დამჭირდა. მერიის გამოცხადებულ კონკურსში ჩემი ნამუშევარი შეირჩა. ადგილთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა იყო. საბოლოდ კი, შეირჩა ძველი თბილისის უბანი, სადაც ძველი არქიტექტურა თანამედროვეობასთან არის შერწყმული“, - აღნიშნა მოქანდაკემ.
www.travelingeorgia.ge