ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ბარნოვების ღვინის მარანმა ვაზის ახალი ვენახები გააშენა
15 მარტი, 2018

ბარნოვების ღვინის მარანმა ვაზის ახალი ვენახების გაშენება დაიწყო. მთლიანობაში 12 სხვადასხვა ჯიში იქნება გაშეწნებული და მათ შორის ისეთი მივიწყებულ ჯიშებიც, როგორიცაა ჯვარი, ბუზა, დანახარული, შაბა.

როგორც Travelingeorgia-ს ანდრო ბარნოვმა განუცხადა, ახალი ვენახები 2 ჰექტარზე გაშენდება და მთლიანობაში 3 ჰექტარი გახდება.

მისივე თქმით, ვენახთან ერთად მოეწყობა შუასაუკუნეების მუხაურის ეკლესიის ეზოც, რომელსაც ჩვენი ვენახები გარს აკრავს, დაირგვება ახალი ნარგავები.

მუხარის ეკლესიის ეზოს მოწყობის იდეა ანდრო ბარნოვის მამას ვახტანგ ბარნოვს ეკუთვნის. მას გვერდში სოფელიც დაუდგა და ეკლესიის ეზოს გალამაზებაში მთელი სოფელი მიიღებს მონაწილეობას, უკვე განაწილდნენ კიდეც ვინ რომელ ნერგს მიიტანს.

როგორც ანდრო ბარნოვი ამბობს, ეს არის ძველი ნასოფლარი, მუხაური. „როგორც ჩანს, მუხნარი იყო და ამიტომ ნარგავებს შორის მუხაც მრავლად იქნება. ძალიან ლამაზი ადგილი გამოდის“, - ამბობს ანდრო ბარნოვი.

ანდრო ბარნოვი უკვე ორი წელია, მეღვინეობა მევენახეობას მისდევს. იგი სოციალურ ქსელში წერს, რომ არაფერი ყოფილა იმ გრძნობის მსგავსი, რაც ახალი ვენახის გაშენებას სდევს თან.

„პასუხისმგებლობა, აღტაცება, მოლოდინი, ბუნების წინაშე მადლიერება და შიში ერთმანეთშია გადაწნული ამ დროს. დღეს პირველი დღეა, როცა ქართლის ერთერთ საუკეთესო ვენახს ეყრება საფუძველი. ყველასათვის ცნობილ ჯიშებთან ერთად (ანუ თავკვერთან, ჩინურთან, გორულ მწვანესთან, შავკაპიტოსა და თეთრ ბუდეშურთან ერთად) ვაშენებთ ისეთ მივიწყებულ ჯიშებს, როგორიცაა ჯვარი, ბუზა, დანახარული, შაბა და ა.შ. ამ ეტაპზე 12 სხვადასხვა ჯიში გაშენდება, რომელსაც ეტაპობრივად კიდევ უფრო გავამდიდრებთ.

ამ ვენახს, როგორც საკვირტე მასალის მდიდარ წყაროს, ექნება პოტენციალი, რომ მთელ ქართლში შეცვალოს მევენახეობის მდგომარეობა და გახადოს ის ბევრად უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო. ქართლმა, როგორც ჯიშური მრავალფეროვნების ისტორიულმა ლიდერმა, მალე უნდა დაიბრუნოს კუთვნილი ადგილი საქართველოს მეღვინეობის რუკაზე. წარმატება გვისურვეთ“, - წერს ბარნოვი.

ბარნოვების ღვინის მარანი რამდენიმე სახეობის ღვინოს სთავაზობს მომხმარებელს. ღვინის თითოეული სახეობა იწარმოება მცირე რაოდენობით. ეს ძირითადად საოჯახო მარანია და ანდრო ბარნოვი მცირე საოჯახო მეურნეობას მამასთან ვახტანგ ბარნოვთან ერთად უძღვება. მარნის პარტონი, ვახტანგ ბარნოვი წინაპრების ტრადიციას აგრძელებს და ქართლის საუკეთესო ჯიშებისგან ქმნის ღვინოს.

მაია დემეტრაშვილი

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.