აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურისტებს განახლებულ ბათუმის ფასდაკლებების ბარათს სთავაზობს. ახალი Batumi Discount Card-ით მოგზაურებს აჭარაში დასვენებისას 40%-მდე ფასდაკლების მიღება 52 ტურისტულ ობიექტში შეუძლიათ. მათ შორისაა ბათუმის ბოტანიკური ბაღი, ბათუმველო, იახტკლუბი, კინოთეატრი „აპოლო“, გონიო-აფსაროსის ციხე-მუზეუმი, სხვადასხვა კვებისა და განთავსების ობიექტები. ახალი “Batumi Discount Card”-ის პრეზენტაცია გიდებისა და ტურისტული სააგენტოებისთვის ტურიზმის დეპარტამენტში გაიმართა.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძემ ფასდაკლებების ბარათზე საუბრისას ტურისტებისთვის მის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„ფასდაკლების ბარათი საშუალებას აძლევს ტურისტებს უფრო მეტი ინფორმაცია ჰქონდეთ აჭარაში არსებული სხვადასხვა ტიპის ობიექტებზე, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში ტურისტებს ფასდაკლებებს სთავაზობენ. ასევე მისი მიზანია გაზარდოს თვითონ ამ ტურისტული ობიექტებისა და ღირსშესანიშნაობების ცნობადობა, ასევე რეგიონში ტურისტების მოგზაურობის სტიმულირება და ფასდაკლებების სისტემის დანერგვის ხელშეწყობა“, – განაცხადა თინათინ ზოიძემ.
ფასდაკლებების ბარათის მიღება ნებისმიერ მსურველს საინფორმაციო-ტურისტულ ცენტრებში შეუძლია. მისი ღირებულება 10 ლარი, გამოყენების ვადა კი 10 დღეა. ბარათით რეგიონის სტუმრებს ფასდაკლებების მიღება 25-მდე კვებისა და განთავსების ობიექტში, 20-მდე ძირითად ტურისტულ ღირსშესანიშნაობებსა და აქტივობებზე, ტურისტულ სააგენტოებსა და სავაჭრო ობიექტებში შეუძლიათ. გარდა ფასდაკლებებისა, ბარათი ასევე მოიცავს სიმ-ბარათსა და მუნიციპალური ტრანსპორტის ბარათს 10 სამგზავრო ბილეთით. Batumi Discount Card-ის გამოყენების, ფასდაკლებებისა და პროექტში მონაწილე ტურისტული ობიექტების შესახებ დამატებითი ინფორმაცია განთავასებულია ვებპორტალზე gobatumi.com.
imedinews.ge