ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ბათუმი ევროპის წამყვანი, მზარდი ტურისტული მიმართულების ნომინაციაზეა წარდგენილი
22 მარტი, 2019

ბათუმი, ტურიზმის ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ „World Travel Awards“-ის დაჯილდოების ცერემონიაზე ევროპის წამყვანი, მზარდი ტურისტული მიმართულების ნომინაციაზეა წარდგენილი. მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიის უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაზე ბათუმის კონკურენტებს შორისაა სოფია (ბულგარეთი), მატერა (იტალია), ბაქო (აზერბაიჯანი), ლუბლიანა (სლოვაკეთი) და კუტნა ჰორა (ჩეხეთი). აღნიშნული ღონისძიების შესახებ ჟურნალისტებს ინფორმაცია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად მიაწოდა და მათ ნომინაციის ხმის მიცემის პროცესში ჩართულობისკენ მოუწოდა.

ბათუმისთვის ხმის მიცემა 28 აპრილამდე ნებისმიერ მსურველს ღონისძიების ოფიციალურ საიტზე https://www.worldtravelawards.com/vote შეუძლია.

გამარჯვებული 8 ივნისს, პორტუგალიის ქალაქ მადეირაში გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვლინდება, რომელსაც მსოფლიოს ტურიზმის ინდუსტრიის წამყვანი ტურისტული კომპანიებისა და ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართული ბიზნეს და სახელმწიფო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.

„World Travel Awards»-ის ღონისძიება 1993 წლიდან ტარდება. ღონისძიებაზე, რომელშიც სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიის ექსპერტები და ტურიზმის სფეროში მსოფლიო მასშტაბის გავლენიანი სუბიექტებია გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართული, საუკეთესო ტურისტულ მიმართულებებსა და ქვეყნებს ასახელებენ. ჯამში, დაჯილდოებაზე ასობით ნომინაცია და ათასობით ნომინანტი კონტინენტებისა და ქვეყნების მიხედვით სხვადასხვა კატეგორიებშია გადანაწილებული. მათ შორისაა წამყვანი სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ტურისტული ატრაქციები, მიმართულებები, ტუროპერატორები, ასევე საზღვაო, საგზაო, საჰაერო ტრანსპორტის კომპანიები და ა.შ.

დღეისათვის ,,World Travel Awards”-ის ბრენდს უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია მსოფლიოს ივენთკალენდარში. ის აერთიანებს ტურიზმის ინდუსტრიის წამყვან სუბიექტებს, გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, ასევე რეიტინგული მედიის წარმომადგენლებს (ჟურნალ-გაზეთები, ტელევიზია, რადიო, ონლაინ პლატფორმები, სოციალური მედია და ა.შ). ბათუმი „World Travel Awards“-ის ნომინაციაში პირველადაა წარდგენილი.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.