ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ბათუმი-გოდერძის მიმართულებით ფრენები წელს ვერ დაიწყება
08 დეკემბერი, 2017

ბათუმი-გოდერძის მიმართულებით დაანონსებული ფრენები, რომლებიც მიმდინარე ზამთრის სეზონზე უნდა დაწყებულიყო, ვერ განხორციელდება. როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი თამარ დიასამიძე „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, ამის მიზეზი გოდერძიზე მიწის გამოსყიდვის პროცედურების მიმდინარეობაა.

„კურორტის განაშენიანების რეგულირების გეგმის მიხედვით, კურორტის ტერიტორიაზე ამ ეტაპზე მიწის გამოსყიდვის პროცედურები მიმდინარეობს, რომელიც მოიცავს ვერტმფრენის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის მოწყობასაც. როგორც კი დასრულდება მიწების გამოსყიდვის პროცედურები, ვერტმფრენის მოედანს გავაკეთებთ. 2017-2018 წლის ზამთრის სეზონზე ვერტმფრენის დანიშვნა ვერ მოესწრება. თუმცა სამუშაოები გაგრძელდება, რომ უახლოეს მომავალში მოედნის მშენებლობა დაიწყოს“ - აღნიშნავს დიასამიძე.

კითხვაზე, რატომ ვერ მოხერხდა ამ დრომდე ფრენების დანიშვნა, დიასამიძე პასუხობს, რომ ყველაფერი პროცედურული თანმიმდევრობით მიდის.

კურორტ Goderdzi Resort-ის დირექტორი ზურაბ ჭურკვეიძე დაახლოებით ერთი თვის წინ „კომერსანტთან“ საუბრობდა, რომ გოდერძი-ბათუმის მიმართულებით ფრენები შესაძლოა, აღარ დანიშნულიყო: „ახლა ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების ეტაპს გავდივართ. როგორც იცით, ჩვენმა კომპანიამ ფრენებზე სუბსიდირება უნდა მოახდინოს. ჩვენ რომ დავიქირაოთ ვერტმფრენი, ეკონომიკურად მომგებიანი იქნება თუ არა, ან მასზე მოთხოვნა იქნება თუ არა, ჯერ ეს უნდა შევისწავლოთ. მგზავრები რომ არ გვყავდეს, ფრენას რა აზრი ექნება. ეს კომპანიისთვის წამგებიანი იქნება. სანამ ამ დეტალებს ვერ გავარკვევთ, ფრენები ვერ განხორციელდება“, - აცხადებდა ჭურკვეიძე.

კორორტი Goderdzi Resort 2015 წლის დეკემბერში გაიხსნა. კურორტიდან ბათუმის მიმართულებით რეისის დანიშვნაზე საუბარი რამდენიმე თვის წინ დაიწყო და როგორც მაშინ ზურაბ ჭურკვეიძე აცხადებდა, ვერტმფრენი 2017 წლის დეკემბრიდან უნდა დანიშნულიყო.

ავტორი: თეონა კენჭიაშვილი

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.