ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ბათუმის მერია სატრანსპორტო სისტემის გარდაქმნას იწყებს
01 ივნისი, 2018

ბათუმის მერია 2018 წელს სატრანსპორტო სისტემის გარდაქმნას იწყებს.

ღონისძიებებს მერია ახორციელებს ბათუმის მდგრადი ურბანული გადაადგილების სტარტეგიის მიხედვით, რომელიც შემუშავდა გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის „მწვანე ქალაქების“ ფარგლებში. პროექტს აფინანსებს გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი. სტარტეგია და სამოქმედო გეგმა ბათუმის საკრებულომ აპრილში მიიღო.

გეგმის თანახმად, დამტკიცდა მიკროავტობუსების ოპტიმიზაციის გეგმა, რომლის მიხედვითაც, მიკროავტობუსების რაოდენობა 480-დან 250-მდე მცირდება, რაც ქალაქის ცენტრალურ ქუჩებს მნიშვნელოვნად განტვირთავს.

თბილისის მოედანზე მოეწყო პარკირების სივრცესთან ინტეგრირებული მგზავრთა გადასასხდომი კვანძი. ეს არის პარკირების საფასურის საათობრივად გადახდის პირველი მუნიციპალური ზონა. პარალელურად იცვლება მუნიციპალური ტრანსპორტის ქსელი და გამოყენებული იქნება მგზავრთა გადასასხდომი კვანძები.

დაიწყება სხვა მუნიციპალიტეტებიდან შემომავალი მიკროავტობუსების ადმინისტრირება ბაგრატიონის ქუჩის გავლით ავტოსადგურში, რაც უზრუნველყოფს მოძრაობის განტვირთავს.

ქალაქის ტერიტორიაზე, გონიოსა და ქობულეთის მხრიდან, მოეწყობა რეგიონული ტერმინალები და ტურისტული პარკირების სივრცეები. გონიოს მხრიდან, სამრეწველო ზონაში უკვე გამოიყო ადგილი და დაიწყო რეგიონული ტერმინალის დეტალური პროექტირება.

მიმდინარეობს ავტოპარკის განახლება. ახალი მუნიციპალური ავტოტრანსპორტის პირველი ნაკადი აგვისტოში შემოვა და წლის ბოლომდე, საერთო ჯამში, ქალაქს დაემატება 40 ერთეული დაბალემისიური და ადაპტირებული ახალი ავტობუსი.

მიკროავტობუსებში, ისევე როგორც მუნიციპალურ ავტოტრანსპორტში, დაინერგება უკონტაქტო გადახდის სისტემა. ქალაქში 6 ადგილზე უკვე დამონტაჟდა შესაბამისი აპარატები, რომელთა მეშვეობითაც ამ ბარათების მიღება უფასოდ იქნება შესაძლებელი.

მიკროავტობუსებისათვის სავალდებულო იქნება GPS სისტემის დამონტაჟება, რომელიც უზრუნველყოფს მონიტორინგს მათ გადაადგილებაზე, ასევე დაინერგება დისპეჩერიზაციის სისტემა.

დაიწყება ველობილიკების მოწესრიგება და ახალი ველობილიკების მოწყობა. შესაბამისი საპროექტო სამუშაოები მერიამ უკვე დაასრულა. ველოსისტემების განახლება ეტაპობრივად 2019 წლიდან იგეგმება.

ჭავჭავაძის, აბუსერიძისა და აღმაშენებლის ქუჩებზე, გაეროს განვითარების პროგრამის დაფინანსებით, მოეწყობა ავტობუსისთვის გამოყოფილი სპეციალური სავალი ზოლი, ე.წ ,,bus lane“. აღნიშნული სისტემა მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლომდე ამოქმედდება.

ქალაქის ცენტრალური ქუჩებში კი, პარკირების საფასურის საათობრივად გადახდის სისტემა დაინერგება, რომელიც 2019 წლის დასაწყისიდან ამოქმედდება. თუმცა, ტექნიკური საკითხების ოპერატიულად გადაწყვეტის შემთხვევაში, შესაძლებელია მისი უფრო ადრეულ ეტაპზე შემოღება.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.