ბათუმის ტერიტორიაზე არსებულ ბულვარში, პარკში, სკვერში მოტოციკლით, კვადროციკლით და ელექტრომობილით გადაადგილება აიკრძალა. გადაწყვეტილება ბათუმის საკრებულომ დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე მიიღო.
საკრებულოს შესაბამისი დადგენილება 2019 წლის 1 აპრილიდან ამოქმედდება. ინიციატივის ავტორი “ბათუმის ბულვარია”.
“აჭარის ტელევიზიის” ცნობით, იდეის ავტორები ფიქრობენ, რომ ბულვარის ტერიტორიაზე გადაადგილება ბევრად უფრო უსაფრთხო გახდება.
”როგორც გასული წლის სტატისტიკამ აჩვენა, ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე ყოველწლიურად იზრდება ელექტრომობილით გამოწვეული შემთხვევების რაოდენობა (შეჯახება, სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები). განსაკუთრებით მძიმე სურათი მცირეწლოვანთა მიმართ. დასახელებული შემთხვევების საფუძველზე აღძრულია ათობით სისხლის სამართლის საქმე”, – წერია საკრებულოს განმარტებით ბარათში.
ბულვარის ტერიტორიაზე ტრანსპორტის მოძრაობის წესების დარღვევის და ჯანმრთელობის გაუფრთხილებლობით დაზიანების ფაქტზე, ბოლო 4 წლის განმავლობაში სამართალდამცველებმა გამოძიება 51 ფაქტზე დაიწყეს.