ბათუმის ესტაკადის მშენებლობა ახალ ეტაპზე გადავიდა - დაიწყო უშუალოდ ესტაკადის ხიდის მოწყობის (ბეტონირების) სამუშაოები.
ბათუმის ესტაკადის მშენებლობა 2018 წლის სექტემბერში უნდა დასრულდეს, თუმცა სამუშაოების მწარმოებელი კომპანია "კავკასუს როუდ პროჯექტი" სამუშაოების დამთავრებას მიმდინარე წლის ივნისში გეგმავს.
ამ დროისთვის ესტაკადის საძირკვლის მოწყობის და უშუალოდ ხიდის მშენებლობის სამუშაოები მიმდინარეობს, კერძოდ, ბურჯების არმირება დასრულებულია და ბეტონირების სამუშაოები ხორციელდება. პარალელურად, პროექტის მიხედვით, დასკვნით ეტაზეა ესტაკადის გვერდის ასაქცევი გზა, ჯამში 1 კილომეტრიანი მონაკვეთი.
პროექტის ბიუჯეტი - 15 297 410 ლარია, ესტაკადის სიმაღლე - 8,5 მეტრი, ესტაკადის სიგრძე - 800 მეტრი. pროექტი ითვალისწინებს - ესტაკადის, ასევე ნავსადგურისა და საკონტეინერო ტერმინალის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი 5 დამხმარე გზის მშენებლობას. სამშენებლო პროცესში დაახლოებოთ 60 ადამიანია დასაქმებული, პროექტის მიმდინარეობის პროცესში ეს რაოდენობა 80-მდე გაიზრდება.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის რამაზ ბოლქვაძე აცხადებს, რომ პროექტი თავისი დატვირთვით და ტექნიკური მახასიათებლებით ძალიან მასშტაბურია.
„ეს არის ტურისტული და საინვესტიციოდ ძალიან მიმზიდველი ქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელითაც მოგვარდება წლების განმავლობაში არსებული პრობლემა და ქალაქის შემოსასვლელში მოძრაობა საბოლოოდ განიტვირთება, პროექტი დაახლოებით 100 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას უზრუნველყოფს. გარდა ამისა ესტაკადას საპორტო ქალაქისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დატვირთვა ექნება და ის ტვირთბრუნვის პროცესის ეფექტურად განხორციელებას შეუწყობს ხელს", - განაცხადა რამაზ ბოლქვაძემ.
www.travelingeorgia.ge