ბათუმის ისტორიული ნაწილის განაშენიანება განსაზღვრული გეგმისა და სტანდარტის მიხედვით მოხდება
ბათუმის მთავრობას ქალაქის ისტორიული განაშენიანების კონკრეტული გეგმა აქვს. პროექტის მიზანი ქალაქის სწორი ურბანული განვითარება, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ე.წ. ფონური შენობების დაცვა, აღდგენა და რეაბილიტაციაა.
პროექტი რამდენიმე ძირეულ ცვლილებას მოიცავს.
როგორც ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ პროექტის წარდგენისას განაცხადა, მუნიციპალიტეტი იწყებს ისტორიულ ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, ასევე მათი მიმდებარე ფონური ნაგებობების (საწყის ეტაპზე ძეგლის ფიზიკური დაცვის არეალში) ეტაპობრივად მუნიციპალურ საკუთრებაში გამოსყიდვას მაცხოვრებლებისთვის ალტერნატიული ფართის შეთავაზების გზით. შემდეგ ეტაპზე კი, მოხდება ამ შენობების რეაბილიტაციის პროექტების შემუშავება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ჩართულობით და ინვესტორებისთვის პირობიანი საინვესტიციო წინადადებების შეთავაზება.
გეგმის მიხედვით ბათუმის ისტორიულ განაშენიანებაში დასაშვები მშენებლობები 12 მეტრით განისაზღვრება, არქიტექტურა კი განსაზღვრული ვიზუალური სტანდარტის გათვალისიწნებას გულისხმობს.
შეხვედრაზე ქალაქ ბათუმის მერმა ასევე წარმოადგინა ქალაქ ბათუმის ისტორიული განაშენიანებისა და განაშენიანების რეგულირების დაცვის ზონების ( გეოგრაფიკის მიერ შემუშავებული) დოკუმენტის დამტკიცებასთან დაკავშირებული გეგმები და ქალაქ ბათუმის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებული საკითხები. ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების დოკუმენტი გათვალისწინებული იქნება ქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმაში, რომლის ტექნიკურ დავალებაზე მუშაობა ამ ეტაპზე მიმდინარეობს.
გენგეგმის შემუშავებაზე კონკურსი ტექნიკურ დავალებაზე მუშაობის დასრულების შემდეგ, მიმდინარე წლის მარტში უნდა გამოცხადდეს.
www.travelingeorgia.ge