ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ბათუმის კუნძულის პროექტი, იმედია, ანაკლიის პორტის და ნამახვანჰესის ბედს არ გაიზიარებს - ქეთი ბოჭორიშვილი
14 ოქტომბერი, 2021

ბათუმში „ამბასადორი აილენდის“ პროექტის განხორციელებაზე საქართველოს მთავრობამ გადაწყვეტილება უკვე მიიღო. შავ ზღვაში ორი ხელოვნური ნახევარკუნძულის და ერთი კუნძულის შექმნასა და მათზე ინფრასტრუქტურის მოწყობას ჯამში 100 მლნ დოლარის საინვესტიციო პორტფელი დასჭირდება.

„მსოფლიოში არის ამის პრეცედენტები, როდესაც ხელოვნურ პლატფორმებზე, ხელოვნურ კუნძულებზე ხდება განაშენიანება და არაფერია გასაკვირი, რომ დღევანდელ საქართველოში, ჩვენი მიმზიდველი საინვესტიციო გარემოთი, იმ გარანტიებით, რაც შექმნილია ზოგადად ქართველი ინვესტორებისთვის, მსგავსი ამბიციური პროექტის განხორციელება ხდება შესაძლებელი. ეს არის გრანდიოზული პროექტი, სულ მცირე 100 მლნ დოლარის - 300 მლნ ლარის ინვესტიცია, რომელიც აქ ეტაპობრივად განხორციელდება, ასევე 2000 ადამიანის დასაქმება, რაც ალბათ, ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია ბათუმისთვის, რადგან ეს არის არამხოლოდ ტურიზმის განვითარების ახალი პლატფორმა და ტალღა, არამედ ახალი სამუშაო ადგილები ამ მასშტაბური პროექტის წყალობით“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.

„ამბასადორი ბათუმი აილენდი“ რეგიონის უმსხვილესი საინვესტიციო პროექტი იქნება, რომლის ფარგლებშიც ბათუმში “ბარცხანასა” და „თამარის“ დასახლების სანაპიროს აკვატორიაში ორი ნახევარკუნძული და ერთი ხელოვნური კუნძული აშენდება. მრავალმილიონიანი პროექტების აუცილებლობაზე „კომერსანტთან“ ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე ქეთი ბოჭორიშვილი საუბრობს, თუმცა არსებული დიდი პროექტების წარუმატებლობის ფონზე, ახალის წარმატებით განხორციელებაში ეჭვი ეპარება. მისი თქმით, როგორც ცნობილია ჯერჯერობით პროექტზე არც მშენებლობის ნებართვა, არც განაშენიანების გეგმა და არც კუნძულის დეტალური არქიტექტურული პროექტი არ არსებობს, ამიტომ ნაადრევია იმაზე საუბარი, ჩვენს რეალობას რამდენად მოერგება.

„მსხვილი საინვესტიციო პროექტები უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისთვის. ეს ქმნის იმ ჯაჭვს, რომ პანდემიის და მსგავსი სირთულეების მიუხედავად, მათ მარტივად არ მოახდინონ თანამშრომლობის გაწყვეტა, ქვეყნიდან ინვესტიციები მარტივად არ გაიტანონ. თუმცა, ამ პროექტზე ძალიან ზოგადი და ზედაპირული ინფორმაცია ვრცელდება, იქ ნაპირსამაგრი სამუშაოებია საჭირო, ინჟინრულად რთული საქმეა, ამიტომ მას მსხვილი ინვესტიცია სჭირდება, საჭიროა ასევე ვიცოდეთ რამდენად რენტაბელური და კონკურენტუნარიანი იქნება. კარგია სხვა ქვეყნებიდან საინტერესო პროექტების გადმოღება, მაგრამ ჩვენს რეალობას უნდა მოვარგოთ, მათ შორის ჩვენს ლანდშაფტს, მოთხოვნას თუ მიწოდებას. ჯერჯერობით რაიმე რეალურ პროექტზე საუბარი ნაადრევია, რადგან არ არის ცნობილი არც გარემოსდაცვითი, არც ინჟინრული და მსგავსი კვლევები. იმედს ვიტოვებ, რომ ამ პროექტს სხვების მსგავსად შეფერხება არ ექნება, რადგან ანაკლიასაც და ნამახვანჰესსაც კარგი სტარტი ჰქონდა, მაგრამ ვერცერთი პროექტის განხორციელება ვერც კი დაიწყო. იმედია მსგავს ბედს ესეც არ გაიზიარებს“, — აღნიშნავს ქეთი ბოჭორიშვილი.

აღსანიშნავია, რომ პროექტის ინვესტორია “ამბასადორი ჯგუფი”, რომლის დამფუძნებელიც ქებურიების ოჯახია. მათ აღნაგობის უფლებით აჭარაში გადაეცემათ 90 ჰა ტერიტორია. კომპანიის მიერ ნაკისრი საინვესტიციო ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად წარდგენილი იქნება 1 მილიონი დოლარის ოდენობის საბანკო გარანტია. პროექტის ფარგლებში აშენდება ახალი თანამედროვე სტანდარტების, კომერციული, გასართობი, სპორტული, საგანმანათლებლო, სამკურნალო-გამაჯანსაღებელი, საცხოვრებელი და ტურისტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურა.

კომპანია, რომელიც სასტუმროებს ფლობს თბილისსა და კაჭრეთში, 16-სართულიან სასტუმროს ბათუმში ბულვარის შუაგულშიც აშენებს. ამ მშენებლობას არაერთხელ მოჰყვა პროტესტი და აქციები, თუმცა უშედეგოდ, მშენებლობის შეჩერების ნაცვლად, რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ სასტუმროს მშენებლობის ოფიციალური ნებართვის პირობების დარღვევით, სასტუმროს მე-17 სართულიც ექნება.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.