ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებაზე „ტავ ჯორჯია“ ეკონომიკის სამინისტროსთან მოლაპარაკებებს აწარმოებს
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებაზე „ტავ ჯორჯია“ ეკონომიკის სამინისტროსთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამის შესახებ „კომერსანტს“ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია „ტავ ჯორჯიაში“ განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, 2018 წელს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 600 000 მგზავრს მოემსახურა. „ტავ ჯორჯიაში“ აცხადებენ, რომ თუ მგზავრთ ნაკადის ყოველწლიურ მზარდ ტენდენციას გავითვალისწინებით, ეს ციფრი წელს უფრო გაიზრდება, შესაბამისად, იმისათვის, რომ აეროპორტის მუშაობა არ შეფერხდეს და ავიაკომპანიებს ოპერირების კუთხით პრობლემები არ შეექმნათ, ტერმინალი სასწრაფოდ უნდაგაფართოვდეს.
„2018 წლის აპრილში ჩვენ ეკონომიკის სამინისტროს ახალი პროექტი შევთავაზეთ, რომელიც მოფრენისა და გაფრენის დარბაზების გაფართოებას მოიცავს. პროექტის განხორციელების შემთხვევაში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი წელიწადში მილიონ 200-300 ათასი მგზავრის მომსახურებას შეძლებს. საქართველოს მთავრობასთან მიმდინარეობს მოლაპარაკება და ვფიქრობთ, რომ აღნიშნული პროექტი 2020 წელს განხორციელდება“-აცხადებენ „ტავ ჯორჯიაში“.დღეისათვის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 25 ავიაკომპანია ოპერირებს, რომლებიც ფრენებს 36 სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებენ.
თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია „ტავ ჯორჯია“ უკვე 14 წელზე მეტია საქართველოში ოპერირებს.
Commersant.ge