ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ბათუმს 2019 წლის ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსი მიენიჭა
08 აგვისტო, 2018

ევროპის დედაქალაქებისა და ქალაქების სპორტის ფედერაციამ (ACES Europe) ბათუმს 2019 წლის ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსი მიანიჭა. ბათუმი პირველი ქალაქია საქართველოდან, რომელმაც ორგანიზაციაში განაცხადი გააკეთა.

ACES Europe ევროპულ ქალაქებს ყოველწლიურად ანიჭებს ,,ევროპის სპორტის დედაქალაქის“, ,,ევროპის სპორტის ქალაქის“, ,,ევროპის სპორტის თემისა“ და ,,ევროპის სპორტის მცირე ზომის ქალაქის“ სტატუსს.

ევროპის სპორტის ქალაქის ტიტულსა და დროშას ბათუმი 2018 წლის 4 დეკემბერს, დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე მიიღებს, რომელიც ბრიუსელში, ევროპის პარლამენტში გაიმართება.

რაც შეეხება ევროპის სპორტის დედაქალაქს, ამ სტატუსს 2019 წელს ბუდაპეშტი ატარებს.

2019 წლიდან კი, სტატუსის ფარგლებში ბათუმში ინტენსიურად უნდა გაიმართოს მასობრივი სპორტული და კულტურული ღონისძიებები, რისი მდიდარი გამოცდილებაც საქართველოს ზღვისპირა ქალაქს უკვე აქვს.

სპეციალური კომისია ინსპექტირების მიზნით საქართველოს ივლისში ეწვია. კომისიის წევრებმა ბათუმში სპორტული ობიექტები დაათვალიერეს და შეაფასეს არსებული მდგომარება.

ACES Europe-ის მიერ მომზადებული დასკვნის თანახმად, ბათუმი კარგი მაგალითია სპორტის, განათლებისა და ჯანმრთელობის კუთხით, სამაგალითოა სპორტული პოლიტიკა და ინფრასტრუქტურა, პროგრამები და აქტივობები. მთავრობა იმედოვნებს, რომ ქვეყანაში ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და სპორტის პოპულარიზაციას. სპორტის განვითარება კი საქართველოში ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად გამოცხადდა.

შეგახსენებთ, წელს ბათუმში გაიმართება 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა, რომელშიც 189 ქვეყნის 4 000-მდე სპორტსმენი და დელეგატი მიიღებს მონაწილეობას. წელსვე ბათუმი არაერთ საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებას მასპინძლობს. არსებულ სპორტულ ინფრასტრუქტურას კი მალე შეემატება მულტიფუნქციური ორდარბაზიანი სპორტის სასახლე, ყინულის დარბაზი და 20 ათას მაყურებლეზე გათვლილი UEFA-ს სტანდარტების საერთაშორისო საფეხბურთო სტადიონი.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.