ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ბათუმს კიდევ ერთი ახალი სასტუმრო „მონარქი“ შეემატა
22 ივლისი, 2022

ბათუმს კიდევ ერთი ახალი სასტუმრო შეემატა. სასტუმრო „მონარქი“ კომპანია „ინს გრუპის“ საკუთრებაა, რაშიც ინვესტორმა 12 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა.

„კომერსანტთან“ საუბრისას „ინს გრუპის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გია ლომინაძე ამბობს, კომპანიამ სტუმარ-მასპინძლობის ბაზარზე შემოიტანა ახალი ქართული სასტუმრო ბრენდი „მონარქი“, რომელიც ქვეყნის მასშტაბით გაფართოებას და საკმაოდ სოლიდურ ბრენდად ჩამოყალიბებას გეგმავს. ინვესტორი აცხადებს, რომ ბათუმის ცენტრალურ უბანში ე.წ. შავი კარკასი იყიდა და ასე ააშენა სასტუმრო „მონარქი“.

„მონარქის“ გენერალური მენეჯერი ლელა წულუკიძე კი აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სასტუმრო ახალი გახსნილია უკვე საკმაოდ დიდი მოთხოვნა ფიქსირდება.

„სასტუმრო მდებარეობს ბათუმის ძველ, ცენტრალურ უბანში. ახმედ მელაშვილის #37-ში. სასტუმროს ლოკაცია საკმაოდ სტრატეგიულია იქიდან გამომდინარე, რომ ყველაფერთან ახლოსაა. სასტუმრო ერას მოედნიდან 2 წუთის ფეხის სავალზეა. ჩვენ თვენახევარია რაც დავიწყეთ სტუმრების მიღება, ოფიციალურად კი შაბათს გავიხსენით. სასტუმროში სულ 60 ნომერია“, - აცხადებს სასტუმროს გენერალური მენეჯერი „კომერსანტთან“ საუბრისას.

რაც შეეხება ფასებს, ლელა წულუკიძის თქმით, ივლისში საშუალო ფასი 90 დოლარის ეკვივალენტია საუზმით ორ პერსონაზე, ხოლო აგვისტოში საშუალოდ 110 დოლარია ორ ადამიანზე ასევე საუზმის ჩათვლით.

„იქიდან გამომდინარე, რომ გახსნა დაგვიგვიანდა რადგან ივნისში თან ვიხსნებოდით თან პარალელურად სრულდებოდა სარემონტო სამუშაოები, გაყიდვის გახსნა მოგვიანებით დავიწყეთ და პირდაპირ, ასე ზარზეიმით შევედით სასტუმრო ინდუსტრიაში, საკმაოდ მაღალ სეზონზე. მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენი სასტუმროთი ძალიან ბევრი ქართველი მომხმარებელი დაინტერესდა, რომელთაც თავის მხრივ ინფორმაციის გადაცემით ბევრი გაგვიკეთეს.

გვყავს ასევე უცხოელი სტუმრებიც, არის შემთხვევები როცა პირდაპირ ქუჩიდან, ჯავშნის გარეშე შემოდიან“, ამბობს სასტუმროს გენერალური მენეჯერი.

რაც შეეხება უცხოელ სტუმრებს, ისინი ძირითადად არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან და ისრაელიდან არიან.

„მონარქი“ უკვე აქტიურად თანამშრომლობს ტუროპერატორებთან და გენერალური მენეჯერის განმარტებით, უკვე დაჯავშნილია ტურები ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან, ასევე არის ჯავშანი ჩეხეთიდანაც.

„მონარქი“ უკვე წარმოდგენილია საერთაშორისო პლატფორმებზე: booking.com, hotels.com, Agoda.com და სხვა.

commersant.ge

 

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.