ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
“ბათუმს ტურისტების სიმცირე არ ეტყობა”
03 ივლისი, 2019

„ვფიქრობ, რომ დანაკარგები სხვადასხვა მიმართულებით იქნება, მაგრამ არა ისეთი დრამატული, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს” – ასე ეხმაურება აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ კაიკაციშვილი BM.GE-სთან რუსეთის მხრიდან ავიასანქციების დაწესებას.

როგორც კაიკაციშვილი ჩვენთან საუბარში განმარტავს, ამ ეტაპზე დანაკარგების დათვლა რთული იქნება, თუმცა საკურორტო სეზონის დასრულების შემდეგ ზღვისპირა ქალაქების მონაცემების დათვლა უფრო მარტივად მოხდება.

„ჯერ კლებაზე საუბარი ნაადრევია და უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ბათუმის მაგალითზე გეტყვით, რომ ტურისტების სიმცირე არ ეტყობა,“ – განმარტავს კაიკაციშვილი.

BM.GE-ს კითხვაზე, როგორ დაეხმარება აჭარის მთავრობა მცირე ზომის სასტუმროებს მდგომარეობიდან გამოსვლაში, თამარ კაიკაციშვილი გვპასუხობს, რომ საკითხზე პასუხი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის კომპეტენციას სცდება და მცირე ზომის სასტუმროებთან მოლაპარაკებების პროცესში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროა ჩართული.

კაიკაციშვილის თქმითვე, საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო მაქსიმალურად ცდილობს შექმნილი ვითარება სექტორმა ნაკლებად მძიმედ გადაიტანოს.

„არის სხვადასხვა მიმართულებები, რაზეც საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს, რაც ამ სექტორთან შეხვედრების დროს გამოიკვეთა. ამუშავებენ დახმარების შესაძლო გზებს.

ტურიზმის დეპარტამენტის ფუნქცია-მოვალეობა, რაც მას ეხება ეს გახლავთ, რეგიონის რეკლამირება საერთაშორისო და შიდა ბაზარზე სერვისის განვითარება და ტურისტული პროდუქტების დივერსიფიცირება. რაც შეეხება ფინანსურ დახმარებებს და მსგავსი ტიპის საკითხებს, ეს ტურიზმის დეპარტამენტის კომპეტენცია არ არის. ამაში რა თქმა უნდა, აჭარის მთავრობა და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო არის ჩართული“ – განმარტა თამარ კაიკაციშვილმა.

bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.