აფრიკის კონტინენტის მრავალფეროვანი ფლორა და ფაუნა, ოკეანერიუმი, ეგზოტიკური თევზები, ზღვის ცხოველები, 8 მეტრი სიმაღლის ჩანჩქერები... ეს ვროცლავის აფრიკარიუმია, მისი ანალოგის მოწყობა ბათუმში იგეგმება.
იდეის განხორციელების შესაძლებლობები აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ და ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ, ვროცლავის აფრიკარიუმის ხელმძღვანელობასთან ერთად განიხილა.
აჭარის მზარდი ტურისტული პოტენციალის გათვალისწინებით, აფრიკარიუმის მესვეურები ურთიერთთანამშრომლობის და გამოცდილების გაზიარების მზადყოფნას გამოთქვამენ. უკვე დაიგეგმა მათი ვიზიტი აჭარაში, რომლის ფარგლებშიც პოლონური მხარე ვითარებას ადგილზე გაეცნობა.
ზურაბ პატარაძემ და ლაშა კომახიძემ, დელეგაციის წევრებთან ერთად, ვროცლავის აფრიკარიუმი დაათვალიერეს და მისი მუშაობის სტრუქტურას და ტექნოლოგიას გაეცნენ. აფრიკარიუმის მესვეურთაგან მოისმინეს ინფორმაცია ობიექტის წყალმომარაგების, წყლის გაწმენდის სისტემებისა და ხელოვნური მიკროკლიმატის შესახებ.
აფრიკარიუმი ქალაქ ვროცლავში 2014 წელს გაიხსნა და იგი ერთ-ერთი უნიკალურია ევროპაში. თითქმის ერთ ჰექტარ ტერიტორიაზე წარმოდგენილია აფრიკის კონტინენტის მრავალფეროვანი ფლორა-ფაუნა. 4000-ზე მეტი მცენარე, ეგზოტიკური თევზების სახეობები და ზღვის ცხოველების ნახვა სპეციალური ტერასებიდან და წყალქვეშა გვირაბებიდანაა შესაძლებელი. ოკეანერიუმი 19 აუზისგან შედგება. აფრიკარიუმი აღჭურვილია საკონფერენციო და სასწავლო სივრცეებით, სადაც პერიოდულად იმართება სამეცნიერო ლექციები, შეხვედრები თუ ვორქშოპები.
www.travelingeorgia.ge