ბათუმში ელექტრომობილების ჩინურ-ქართული საწარმოს გახსნა იგეგმება. დეტალები მხარეებმა ჩინეთის, ქალაქ სიანიანში განიხილეს.
აჭარის მთავრობა მზადაა ხელი შეუწყოს ქართულ-ჩინური პროექტის განხორციელებას.
"ეს იქნება უცხოური ინვესტირების საუკეთესო მაგალითი, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონში ეკონომიკური პროფილის დივერსიფიცირებას და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას. როცა გვაქვს პრეტენზია, ვიყოთ ტურისტული ცენტრი არა მხოლოდ ქვეყნის, არამედ შავის ზღვის რეგიონში, მსგავსი ინვესტიციის განხორციელება კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას შეიძენს საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრების საქმეში," - აცხადებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე.
ბათუმის მერის ლაშა კომახიძის თქმით, ბათუმში გრძელდება ურბანული ტრანსპორტის განვითარებისა და ავტოპარკის განახლების პროცესი. მისი თქმით, ახალი ელექტრო ავტომობილების ქარხნის გახსნა საშუალებას მისცემს ურბანული ტრანსპორტის სისტემას გადავიდეს ალტერნატიული ენერგიის წყაროზე და გახდეს ეკოლოგიურად სუფთა.
საავტომობილო კომპანიამ "სიანინგ ჯიუშოუმ" ავტობუსების წარმოება 1992 წელს დაიწყო. მის სახელს მინივენების და ელექტრო ავტომობილების გამოშვება უკავშირდება.
www.travelingeorgia.ge