ბათუმის ჭაჭის კოშკის ბედი მიმდინარე სეზონისთვის ისევ გაურკვეველია. როგორც ბათუმის მერიის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ალექსანდრე თევზაძე „კომერსანტთან" საუბრისას განმარტავს, ამ დროისთვის ობიექტის მართვით 2 კომპანიაა დაინტერესებული, თუმცა, ჭაჭის კოშკის კერძო კომპანიის მართვაში გადაეცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ბათუმის მერიამ უნდა მიიღოს.
როგორც ცნობილია, ამ დროისთვის ობიექტი ისევ უფუნქციოდაა დარჩენილი. სააგენტოს ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი ვაჟა მარგველიძე განმარტავს,რომ ობიექტით დაინტერესებულები არიან კომპანია „ზეარისი" და „ანაგი 2".
მისი თქმით, აღნიშნული ობიექტი ეკუთვნის ბათუმის მუნიციპალიტეტს, მიწა კი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა. აქედან გამომდინარე, გარკვეული პროცედურებია გასავლელი. „მერიაში გადაგზავნილი გვაქვს აღნიშნული მასალები, კომპანიების მიერ შემოთავზებული ინფორმაცია. ამას კი მერია განიხილავს და გადაწყვეტილებსაც მიიღებს. ობიექტს შენარჩუნებული ექნება ფუნქცია. ერთ-ერთი კომპანიის სურვილია ობიექტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყოს სასმელთან დაკავშირებით ყველანაირი თვალსაჩინოება"-აცხადენს მეგრელიძე.
შეგახსენებთ, გასული წლის ივნისში ალექსანდრე თევზაძე „კომერსანტთან" აცხადებდა, რომ ობიექტი სამართავად სავარაუდოდ, კომპანია „ზეარისს" გადაეცემოდა.მაშინ ხელშეკრულება კომპანიასთან ვერ გაფორმდა. მიზეზი კი აჭარის მთავრობასა და „ზეარისს" შორის შეუთანხმებლობა გახდა.
მაშინ თევზაძე აცხადებდა, არ იყო გამორიცხული შემუშავებულიყო ახალი კონცეფცია, რომელიც ობიექტს მომგებიანს გახდიდა. თევზაძე განმარტავდა, რომ დღეს ჭაჭის კოშკის ფლობა ფინანსურად მომგებიანი არ არის. რაც შეეხება კომპანია „ზეარისს", მისი ობიექტით დაინტერესება მხოლოდ და მხოლოდ საიმიჯო იყო. კომპანია „ზეარისი" ჭაჭის კოშკის ამოქმედებისთვის სავარაუდოდ, 30 000 ლარის დახარჯვას გეგმავდა.
შეგახსენებთ, კოშკის მშენებლობა ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე 810 055 ლარი დაჯდა. ობიექტი 2012 წლის ოქტომბერში გაიხსნა. ჯერ კიდევ 2014 წელს ჭაჭის კოშკის ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის ხელმძღვანელი ეთერ მაჭუტაძე „კომერსანტთან" აცხადებდა, რომ კოშკის ფუნქციონირებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 35 ათასი ლარი იხარჯებოდა, სამაგიეროდ კი სახელმწიფო არანაირ სარგებელს არ იღებდა.
მაშინ ეთერ მაჭუტაძე „კომერსანტთან" საუბრისას აღნიშნავდა, რომ დაიწყებოდა მოლაპარაკებები ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელ სხვადასხვა კომპანიასთან, რის შემდეგაც კომპანიები ჭაჭის კოშკზე მათი პროდუქციის განთავსების სანაცვლოდ ფულს გადაიხდიდნენ და ობიექტი შემოსავლის მომტანიც გახდებოდა. ბათუმის მერიის გამწვანების სამსახურში კი აცხადებდნენ, წლის განმავლობაში ჭაჭის კოშკს 1,5 ტონა ჭაჭა დასჭირდებოდა.
2016 წლიდან ჭაჭის კოშკის ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი ახლად შექმნილი, ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოა. ამჟამად ჭაჭის კოშკი არ მუშაობს.
ავტორ(ებ)ი: სოფო ქსოვრელი
COMMERSANT.GE