ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ბათუმში პირველი ელექტროავტობუსი წლის ბოლოსთვის გამოჩნდება
08 მაისი, 2017

ბათუმის მერიამ სატრანსპორტო სისტემის განახლებისთვის სესხის გამოყოფის მიზნით „ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს" უკვე მიმართა. როგორც EBRD-ის ოფიციალურ საიტზეა აღნიშნული, ბათუმის მერია აკეთებს განაცხადს სესხისა და გრანტის მოსაზიდად საერთაშორისო დონორების მხრიდან. შეთავაზებული პროექტის ღირებულება 7 მილიონი ევროს ექვივალენტია. პროექტი მოიცავს 25 დიზელზე მომუშავე ავტობუსისა და 10 ელექტროავტობუსის, ასევე მათი დასამუხტი საშუალებების შემოტანას ბათუმში.

EBRD-ის ინფორმაციითვე,  ღია ტენდერი პროექტთან დაკავშირებით 2017 წლის მესამე კვარტალში უნდა გამოცხადდეს .

„ბათუმის ავტოტრანსპორტის" ხელმძღვანელი პაატა დუმბაძე რადიო „კომერსანტთან" საუბრისას აცხადებს, რომ „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს" უკვე მიმართეს, ელოდებიან პროცედურის დასრულებას. მისივე თქმით, პირველ ეტაპზე დიზელზე მომუშავე ავტობუსების შემოყვანა მოხდება და შემდეგ იქნება ელექტროავტობუსები. დუმბაძის მტკიცებითვე, ავტობუსების შემოყვანა მიმდინარე წელსვე დაიწყება.

რამდენიმე თვის წინ, „ბათუმის ავტოტრანსპორტის" ხელმძღვანელმა „კომერსანტთან" განაცხადა, რომ ბათუმში სულ 140 ავტობუსი მოძრაობს, ახალი ავტობუსების შემოყვანის შემდეგ კი მოხდება 1 ან 2 ახალი ხაზის დამატება და სატრანსპორტო სქემის ოპტიმიზაცია. რაც შეეხება ტარიფებს, მისი ინფორმაციით დღეს ქალაქში სოციალურად ორიენტირებული ტარიფები მოქმედებს, რომელთა გადახედვა დღის წესრიგში არ დგას. ბათუმში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის ფასი 30 თეთრია.

COMMERSANT.GE


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.