ბათუმში, „სემირამიდას ბაღების" კომპლექსი აგვისტოს ბოლომდე გაიხსნება. პროექტი 2010 წელს დაიწყო და ის ბოლო ინფორმაციით, მიმდინარე წლის 31 აგვისტომდე უნდა გახსნილიყო. 2015 წლის მარტში პროექტის მშენებელ კომპანია „მაფაში" „კომერსანტთან" საუბრისას აცხადებდნენ, რომ ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც აზერბაიჯანული ინვესტიციით შენდებოდა, საშუალო და მაღალ სეგმენტზე იქნებოდა გათვლილი. ხოლო რომელი ბრენდი დაიწყებდა სასტუმროში ოპერირებას, მაშინ ცნობილი არ იყო. პროექტის დამკვეთი კომპანია „გლორიაა".
„კომერსანტი" დაინტერესდა როდის გაიხსნება ბათუმში, „სემირამიდას ბაღების" კომპლექსი და როდის მიიღებს პირველ ტურისტს?
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ამბობენ, რომ პროექტის განმახორციელებელ აზერბაიჯანულმა კომპანიას აქვს ვალდებულება, რომ 2017 წლის 31 აგვისტომდე დაასრულოს მშენებლობა. სამინისტროში აცხადებენ, რომ დღემდე კომპანიას ვადის გახანგრძლივებაზე განაცხადი არ შემოუტანია.
პროექტის განმახორციელებელი აზერბაიჯანულ კომპანია „გლორიას" საქართველოში იურიდიულ მომსახურებას კომპანია BLB-ი უწევს. მისი დირექტორი კახაბერ შარაბიძე „კომერსანტთან" საუბრისას განმარტავს, რომ ამ დროისთვის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და მისი მშენებლობა დათქმულ ვადებში დასრულდება.
„სასტუმროს მშენებლობა 31 აგვისტომდე დასრულდება და ოპერირებისთვის მზად იქნება.თუმცა, მიმდინარე სეზონის ბოლოსთვის ტურისტებს მიიღებს თუ არა, ამას მენეჯმენტი გადაწყვეტს"-აცხადებს შარაბიძე.მისი განცხადებით, სასტუმრო ხუთვარსკვლავიანი იქნება და ის საშუალო და მაღალ სეგმენტზე იქნება გათვლილი. ამ დრომდე ცნობილი არ არის, რომელი ბრენდი დაიწყებს სასტუმროში ოპერირებას.
შეგახსენებთ, 2015 წლის მარტში მშენებელ კომპანია „მაფაში" „კომერსანტთან" აცხადებდნენ, რომ ზღვისპირა ქალაქის ახალ ბულვარში, „სემირამიდას ბაღების" კომპლექსის ასაშენებლად დაახლოებით 35 მილიონი დოლარი დაიხარჯებოდა.
„ამ ეტაპზე შენობა უკვე აშენებულია, დასრულებულია გარე ფასადის კეთილმოწყობაც. შენობაში შიდა სამუშაოები მიმდინარეობს და ის არაუგვიანეს მომავალი წლის გაზაფხულზე დასრულდება. 2016 წლის გაზაფხულზე იგეგმება სასტუმროს გახსნაც.12 სართულიან შენობაში მინიმუმ ორ ადამიანზე გათვლილი 154 ნომერი მოეწყობა. სასტუმროში სამი საცურაო აუზის, სპა ცენტრისა და კაზინოს გახსნაც იგეგმება"-აცხადებდნენ 2015 წლის მარტში სამშენებლო სამუშაოების განმახორციელებელი კომპანია „მაფაში" .
„სემირამიდას ბაღების" კომპლექსის სამშენებლო სამუშაოებს საფუძველი ქვეყნის იმდროინდელმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ჩაუყარა.
ავტორ(ებ)ი: სოფო ქსოვრელი
commersant.ge