ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ბათუმში სემირამიდას ბაღების კომპლექსი სექტემბერში გაიხსნება
23 აგვისტო, 2017

ბათუმში, „სემირამიდას ბაღების" კომპლექსი სავარაუდოდ, სექტემბერში გაიხსნება. როგორც ცნობილია, პროექტი 2010 წელს დაიწყო და ის ბოლო ინფორმაციით, მიმდინარე წლის 31 აგვისტომდე უნდა გახსნილიყო. 2015 წლის მარტში პროექტის მშენებელ კომპანია „მაფა-ში „კომერსანტთან" საუბრისას აცხადებდნენ, რომ ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც აზერბაიჯანული ინვესტიციით შენდებოდა, საშუალო და მაღალ სეგმენტზე იქნებოდა გათვლილი. პროექტის დამკვეთი კომპანია „გლორიაა".

„კომერსანტი" დაინტერესდა, როდის გაიხსნება ბათუმში, „სემირამიდას ბაღების" კომპლექსი, როდის მიიღებს პირველ ტურისტს და რომელი ბრენდი დაიწყებს სასტუმროში ოპერირებას?

კომპანია „მაფაში“ აცხადებენ, რომ მათ უკვე დაასრულეს სამშენებლო სამუშაოები და სასტუმროს მოპირკეთებას უკვე სხვა კომპანია ახორციელებს. მათივე ინფორმაციით, სასტუმროს კომპლექსის ექსპლუატაციაში მიღების ვადად აგვისტოს ბოლოა განსაზღვრული. სხვა დამატებით დეტალებს კომპანია „მაფაში“ არ ფლობენ.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, რომ პროექტის განმახორციელებელ აზერბაიჯანულ კომპანიას აქვს ვალდებულება, რომ 2017 წლის 31 აგვისტომდე დაასრულოს მშენებლობა. სამინისტროში აცხადებენ, რომ დღემდე კომპანიას ვადის გახანგრძლივებაზე განაცხადი არ შემოუტანია, შესაბამისად, „გლორიასგან“ აქვთ ინფორმაცია, რომ ისინი ხელშეკრულებით ნაკისრ ვადებში დაასრულებენ მშენებლობას.

სამინისტროში აზერბაიჯანულ კომპანიაზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ სასტუმრო „სემირამიდას ბაღები“ ტურისტების მიღებას სავარაუდოდ, სექტემბრიდან შეძლებს. ამ ეტაპზე უცნობია, რა ბრენდით დაიწყებს სასტუმრო ოპერირებას.

პროექტის განმახორციელებელ აზერბაიჯანულ კომპანია „გლორიას" საქართველოში იურიდიულ მომსახურებას კომპანია BLB-ი უწევს. მისი დირექტორი კახაბერ შარაბიძე 2017 წლის მარტში  „კომერსანტთან“ საუბრისას განმარტავდა, რომ მშენებლობა დათქმულ ვადებში დასრულდებოდა.

„სასტუმროს მშენებლობა 31 აგვისტომდე დასრულდება და ოპერირებისთვის მზად იქნება. თუმცა, მიმდინარე სეზონის ბოლოსთვის ტურისტებს მიიღებს თუ არა, ამას მენეჯმენტი გადაწყვეტს-აცხადებს შარაბიძე. მისი განცხადებით, სასტუმრო ხუთვარსკვლავიანი იქნება და ის საშუალო და მაღალ სეგმენტზე იქნება გათვლილი“-აცხადებდა შარაბიძე.

შეგახსენებთ, 2015 წლის მარტში მშენებელ კომპანია „მაფაში" „კომერსანტთან" აცხადებდნენ, რომ ზღვისპირა ქალაქის ახალ ბულვარში, „სემირამიდას ბაღების" კომპლექსის ასაშენებლად დაახლოებით 35 მილიონი დოლარი დაიხარჯებოდა.

„ამ ეტაპზე შენობა უკვე აშენებულია, დასრულებულია გარე ფასადის კეთილმოწყობაც. შენობაში შიდა სამუშაოები მიმდინარეობს და ის არაუგვიანეს მომავალი წლის გაზაფხულზე დასრულდება. 2016 წლის გაზაფხულზე იგეგმება სასტუმროს გახსნაც. 12 სართულიან შენობაში მინიმუმ ორ ადამიანზე გათვლილი 154 ნომერი მოეწყობა. სასტუმროში სამი საცურაო აუზის, სპა ცენტრისა და კაზინოს გახსნაც იგეგმება - აცხადებდნენ 2015 წლის მარტში სამშენებლო სამუშაოების განმახორციელებელი კომპანია „მაფაში".

ავტორი: სოფო ქსოვრელი

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.