სეზონის მოახლოებასთან ერთად, ბათუმში 1-ელი ივლისიდან აკუსტიკურ ხმაურზე კონტროლი მკაცრდება, მონიტორინგს ბათუმის მერია განახორციელებს. ქალაქის მერმა კანონში შესული ცვლილებები ქალაქში კაფე-რესტორნებისა და სასტუმროების მენეჯერებს გააცნო.
ლაშა კომახიძის თქმით, მუნიციპალიტეტი მზად არის აღნიშნული ფუნქციების შესრულებას 1 ივლისიდან შეუდგეს.
„1-ელი მაისიდან მუშაობას დაიწყებს „მუნიციპალური სერვისების სააგენტო“, სადაც სპეციალური ჯგუფი განახორციელებს მონიტორინგს ხმაურსა და მსგავსი ტიპის ადმინისტრაციულ დარღვევებზე. მუნიციპალიტეტი პროცესებს მომზადებული შეხვდება, როგორც ტექნიკით ასევე ადამიანური რესურსით. მაქსიმუმს გავაკეთებთ, დავიცვათ დადგენილი ნორმები იმისათვის, რომ დისკომფორტი არ შეექმნას მოსახლეობას. ამავე დროს, ვითანამშრომლებთ ტურისტულ ობიექტებთან, რათა სწორად ავუხსნათ, თუ რა არის კანონით დასაშვები“ – განაცხადა კომახიძემ.
ხმაურის მონიტორინგი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებების საფუძველზე განხორციელდება, რის მიხედვითაც თვითმმართველობის ორგანოებს ენიჭებათ ულებამოსილება, ადგილზე შეადგინონ საჯარიმო ქვითარი შემდეგი დარღვევების შემთხვევაში:
დღის, ან ღამის საათებში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება; ღამის საათებში პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენება შესაბამისად, პირველი ივლისიდან შინაგან საქმეთა სამინისტრო არსებულ ბაზებსა და აღჭურვილობას მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოებს გადასცემს.
დარღვევის შემთხვევაში, ფიზიკური და იურიდიული პირები დაჯარიმდებიან.
www.travelingeorgia.ge