ბათუმში ყინულის სასახლის მშენებლობის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, უკვე დასრულებულია საძირკვლის მოწყობა და რკინა-ბეტონის სამუშაოები ხორციელდება, რაც სვეტების მოწყობას და გადახურვას მოიცავს.
მშენებლობის პროცესში ამ დროისთვის 50 ადამიანია დასაქმებული.
ყინულის არენისა და საცურაო აუზის პროექტს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს "სტადიონი" ახორციელებს. ყინულის არენა სპორტის სასახლის მიმდებარედ შენდება და ჭადრაკის მსოფლიოს ოლიმპიადის მსვლელობისას დამატებით სივრცედ იქნება გამოყენებული.
დახურულ სპორტულ კომპლექსში - ყინულის არენაზე ტრიბუნები 1500 ადგილზე განთავსდება. ყინულის არენისა და საცურაო აუზის კომპლექსის საორიენტაციო სამშენებლო ფართობი 16 000 კვ. მეტრია, საიდანაც ყინულის არენა - 10500 კვ.მეტრზე, ხოლო საცურაო აუზი 5500 კვ.მეტრზე მოეწყობა.
ყინულის არენაზე სასწავლო-სავარჯიშო პროცესისა და სხვადასხვა დონის შეჯიბრების ჩატარება იქნება შესაძლებელი. კერძოდ, ფიგურული სრიალი - ჰოკეი - ასევე, ციგურებზე მასობრივი სრიალი, კულტურულ-სანახაობრივი და გასართობი ღონისძიებები, კონცერტები და გამოფენები.