ბელარუსის დედაქალაქში, მალე ქართული კულტურის ცენტრი გაიხსნება, სადაც ქართული წარმოების პროდუქტებიც გაიყიდება. შენობის რემონტისა და აღჭურვისთვის ქართული მხარე 600 ათასი დოლარის დახარჯვას აპირებს, რომელიც ,,საპარტნიორო ფონდის” შვილობილმა კომპანიამ ,,ქართულმა ნატურალურმა პროდუქტებმა” უნდა განკარგოს. სწორედ ბელარუსში დაფუძნებული ეს კომპანია იმუშავებს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციაზე.
კომპანიის მიერ იჯარით აღებულ ფართში განთავსდება ღვინის მაღაზია და მარანი, ქართული კვების ობიექტები, ასევე გაიყიდება ქართული წარმოების პროდუქტები, მინერალური და არაალკოჰოლური სასმელები, იმუშავებს საგამოფენო სივრცეც. აღსანიშნავია, რომ ბელარუსულმა მხარემ, პროდუქციის რეალიზაციაზე კვოტები სწორედ ,,საპარტნიორო ფონდის” შვილობილ კომპანიას გადასცა.
Bm.ge-ს ,,საპარტნიორო” ფონდში ამ ეტაპზე ვერ დაუკონკრეტეს, რა რაოდენობისა ქართული პროდუქციის ექსპორტი იქნება შესაძლებელი ბელორუსში.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის მაის-ივნისის თვეებში იგეგმება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ბელარუსის რესპუბლიკაში. ვიზიტის ფარგლებში იგეგმება ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის ღონისძიებები.